დავით უსუფაშვილს აინტერესებს, ვინ ამარაგებს დეპუტატ გიორგი კანდელაკს ფრაზებით

დავით უსუფაშვილს აინტერესებს, ვინ ამარაგებს დეპუტატ გიორგი კანდელაკს ფრაზებით

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის განცხადებით, აინტერესებს, ვინ ამარაგებს ოპოზიცონერ დეპუტატ გიორგი კანდელაკს ისეთი ფრაზებით, რომელზეც პასუხის გაცემა ვიზიტების დროს უწევს. ამის შესახებ დავით უსუფაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, ფრაქცია "რესპუბლიკელების" სახელით სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

"როგორ ხდება ის, რომ საქართველოს სასამართლო იღებს განჩინებას, რომელშიც წერს: უგულავას საქმის განხილვა უნდა გადაიდოს იმიტომ, რომ თურმე, პარლამენტის წევრთა ერთი ნაწილის, ამ შემთხვევაში ოპოზიციიდან წარმოდგენილების, დაკითხვაა საჭირო, მათ იცავს იმუნიტეტი, ეს ვერ ხერხდება და ამჟამად მიმდინარეობს აქტიური დიალოგი საქართველოს პარლამენტთან დაბარებაზე ნებართვის გაცემის თაობაზე, რაც გონივრულ დროს მოითხოვს და ვერ ხერხდება", -განაცხადა უსუფაშვილმა.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარე აცხადებს, ასეთი დიალოგი არავისთან არ მიმდინარეობს.

"მითხარით, აგერ ხართ მთელი პარლამენტი, ვისთან მიდის ეს აქტიური დიალოგი? არავისთან! ვიღაცა გონიერმა პროკურორმა მოძებნა მიზეზი და საბაბი იმისა, რომ საქმეზე ვადის გაგრძელების საფუძველი შეიქმნას. და რა ხდება მერე? მერე ჩვენი პატივცემული კოლეგა, ბატონი გიორგი კანდელაკი ამ ფრაზას თარგმნის მსოფლიოს ყველა ცოცხალ და არაცოცხალ ენაზე და აგზავნის ყველგან. ჩავდივართ მერე და ვდგავართ იქ პირდაღებულები, როცა გვეუბნებიან, რომ რა დიალოგი მიდის ბატონო პარლამენტის თავმჯდომარევ თქვენთან მათი დაკითხვის, თუ ნებართვის გაცემის თაობაზე. აქტიურ პოლიტიკურ დიალოგშია თურმე პროკურორი შემოსული ჩვენთან. მერე ვლაპარაკობთ - არა ბატონო, რა პოლიტიზირება, რის პოლიტიზირება, რა ჩემი საქმეა, ვის დაკითხავენ, ვის წაიყვანენ. მაფარებენ თვალზე სასამართლოს გადაწყვეტილებაში ჩაწერილ ფრაზას, რომელიც მოსამართლეს არ დასიზმრებია, რომელიც პროკურორმა მიუტანა იქ, როგორც რაღაციდან გამოსავალი. აქედან გამომდინარე, კითხვა მაქვს- რა ხდება, ვინ ამარაგებს ბატონ კანდელაკს მისთვის სასურველი ფრაზეოლოგიით, ჩანაწერებით და გამოსვლებით",-აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.

როგორც უსუფაშვილმა აღნიშნა, ეს საკითხები უნდა მოიკითხონ და გაარკვიონ, რაშია საქმე.

პარლამენტის თავმჯდომარე ამბობს, რომ თუ ხმას მისცმეს ბესელია-ფოფხაძე-სესიაშვილის კანონპროეტს, დეპუტატებისგან ელოდება მხარდაჭერას, რომ ზემოთაღნიშნული საკითხები მოწესრიგდეს.