აუდიტის სამსახური მთავრობის ადმინისტრაციისა და შსს-ს შემოწმებას მომავალი წლის დასაწყისში გეგმავს

აუდიტის სამსახური მთავრობის ადმინისტრაციისა და შსს-ს შემოწმებას მომავალი წლის დასაწყისში გეგმავს

სახელმწიფო აუდიტის სამსახური მომავალი წლის დასაწყისიდან მთავრობის ადმინისტრაციისა და შს სამინისტროს მთავარი სამმართველოს შემოწმებას დაიწყებს. ამის შესახებ ჟურნალისტებს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელმა ლაშა თორდიამ განუცხადა.

მისი თქმით, აღნიშნული უწყებების შემოწმება უკვე დაგეგმილია.

"2014 წლის გეგმა შევადგინეთ წლის დასაწყისში. ეს სამინისტროები, რომელშიც მიმდინარეობს შემოწმება, უკვე წლის დასაწყისში იყო გათვალისწინებული, რომ შემოწმდებოდა. 2015 წლის გეგმა შედგება შესაბამისად, 2015 წლის დასაწყისში, თუმცა უკვე დაგეგმილია, რომ მომდევნო წლის დასაწყისიდან ჩვენ დავიწყებთ შს სამინისტროს მთავარი სამმართველოსა და მთავრობის ადმინისტრაციის შემოწმებას. სხვა უწყებების შემოწმებასთან დაკავშირებით გეგმას მომდევნო წლის დასაწყისში დავსახავთ", - განაცხადა თორდიამ.

რაც შეეხება მიმდინარე შემოწმებებს, აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელის თქმით, ამჟამად შემოწმება მიმდინარეობს თავდაცვის სამინისტროში, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში, ოკუპირებული რეგიონებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროსა და იუსტიციის სამინისტროში.

"თავდაცვის სამინისტროში მიმდინარეობს სამუშაო პროცესი. ჩვენ ვაგრძელებთ სამინისტროს შემოწმებას. თუ გვექნება რაიმე სამართალდარღვევის შესახებ ინფორმაცია, ამას საზოგადოებას ვამცნობთ. ასევე მიმდინარეობს შემოწმება სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში, რომელიც დასასრულს უახლოვდება. ვამოწმებთ ასევე იუსტიციისა და დევნილთა სამინისტროებს", - განაცხადა თორდიამ.