ჯანდაცვის სამინისტრო დიპლომის შემდგომი სამედიცინო განათლების პროგრამას დააფინანსებს

ჯანდაცვის სამინისტრო დიპლომის შემდგომი სამედიცინო განათლების პროგრამას დააფინანსებს

პროგრამის მიზანია მაღალმთიან და საზღვრისპირა სოფლებში სამედიცინო სერვისების შენარჩუნება და მათი უწყვეტობის უზრუნველყოფა.

პროგრამის მიზანს ასევე დიპლომის შემდგომ სამედიცინო განათლებაზე ფინანსური ხელშეწყობის ხელმისაწვდომობის გაზრდა წარმოადგენს.

„ეს არის სახელმწიფოს მიერ გადადგმული კიდევ ერთი სერიოზული ნაბიჯი საზღვრისპირა და მაღალმთიანი მუნიციპალიტეტების სამედიცინო მომსახურების ხარისხის ამაღლების მიმართულებით. იმის გამო, რომ ზოგიერთი სპეციალობა არის დეფიციტური, ამ რეგიონებში სამედიცინო სერვისების რაოდენობამ იკლო. ამ პროგრამით ვცდილობთ ყველა ის სერვისი აღვადგინოთ, რომელიც მოსახლეობისთვისაა აუცილებელი. ამავე დროს, ჩვენ უნდა შევთავაზოთ მაღალი კვალიფიკაციის მქონე ექიმების მომზადება. სახელმწიფომ თავის თავზე აიღო ამ ექიმების მომზადება. მონაწილეობის მიღება შეუძლია არა მარტო სამედიცინო სერთიფიკატის მქონე იმ მუნიციპალიტეტის მაცხოვრებელს,  ადამიანს, არამედ სხვაგან მაცხოვრებელსაც“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ვალერი კვარაცხელიამ.

მისივე თქმით, საუბარია 8 საექიმო სპეციალობაზე და სულ 40 ვაკანსიაა გამოცხადებული.

რაც შეეხება სპეციალობებს, ესენია ანესთეზეოლოგია-რეანემატოლოგია, ზოგადი ქირურგია, მენობა-გინეკოლოგია, შინაგანი მედიცინა, პედიატრია, გადაუდებელი მედიცინა, ნეონატოლოგია და საოჯახო მედიცინა.

პროექტში მონაწილეობის უფლება აქვს საექიმო სპეციალობის მაძიებლებს, რომლებსაც წარმატებით აქვთ ჩაბარებული ერთიანი დიპლომის შემდგომი საკვალიფიკაციო გამოცდა, მათ შორის იმ მაძიებლებს, რომლებსაც დაწყებული აქვთ დიპლომის შემდგომი განათლება.

კომენტარი პროგრამის შესახებ ასევე სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს პროფესიული რეგულირების დეპარტამენტის უფროსმა პაატა ბუკიამ გააკეთა.

მისი თქმით, მთავრობის დადგენილებით დიპლომის შემდგომი განათლების სახელმწიფო პროგრამა დამტკიცდა და აღნიშნული პროგრამის მიზანია მაღალმთიან და საზღვრისპირა სოფლების მოსახლეობისთვის სამედიცინო ხელმისაწვდომობის უწყვეტობის ხელშეწყობა.