აფხაზეთის თემაზე გაერო-ს უშიშროების საბჭოს გამართვის შესახებ კონსულტაციები მიმდინარეობს

აფხაზეთის თემაზე გაერო-ს უშიშროების საბჭოს გამართვის შესახებ კონსულტაციები მიმდინარეობს

რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთთან და ცხინვალის რეგიონთან შეთანხმებების საკითხს ქართული მხარე ეუთო-ს მინისტრთა შეკრებაზე და ნატო-ს მინისტერიალზე დააყენებს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს მთავრობის დღევანდელი სხდომის შემდეგ საგარეო საქმეთა მინისტრმა თამარ ბერუჩაშვილმა განუცხადა.

ბერუჩაშვილის თქმით, ცხინვალის მხრიდან მოსალოდნელი იყო, რომ ასევე გამოთქვამდნენ სურვილს რუსეთთან ინტეგრაციის შესახებ შეთანხმების გაფორმებაზე.

"ეს მოსალოდნელი იყო. მათ განცხადება გააკეთეს, რომ უფრო მეტი ინტეგრაცია ექნებოდათ. ჩვენი რესურსი არის საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერა. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი ბერკეტი. გუშინ ეუთო-ს მუდმივი საბჭოს სხდომაზე გამოვიდა ჩემი მოადგილე დავით დონდუა. იყო ძალიან სერიოზული მხარდაჭერა, როგორც ამერიკის შეერთებული შტატების, ასევე ევროკავშირის დელეგაციების მიერ, რომლებსაც შეუერთდა 11 ქვეყანა. მომავალ კვირაში გაიმართება ეუთო-ს მინისტრთა შეკრება, ასევე არის ნატო-ს მინისტერიალი. ყველა ეს ფორმატი გამოყენებული იქნება და მიეძღვნება ამ თემას", - განაცხადა თამარ ბერუჩაშვილმა.

მისივე თქმით, მუშაობა გრძელდება გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომის მოწვევის თაობაზე. ბერუჩაშვილი ჟურნალისტებს მოუწოდებს, გადაამოწმონ მათ ხელთ არსებული ინფორმაცია, თითქოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინსტრუქციები არ გაუგზავნია ნიუ-იორკში.

"ჩვენი მისიის ხელმძღვანელი კონსულტაციებს მართავს, დოკუმენტიც გაგზავნილია, ნოტებიც გაგზავნილია და მუშაობა მიმდინარეობს", - აღნიშნა ბერუჩაშვილმა.