გელა დუმბაძე სალომე ზურაბიშვილის მიერ გავრცელებულ ემიგრანტების ინიციატივას ეხმაურება

გელა დუმბაძე სალომე ზურაბიშვილის მიერ გავრცელებულ ემიგრანტების ინიციატივას ეხმაურება

დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი გელა დუმბაძე ემიგრანტების ინიციატივას ეხმაურება, რომელიც საქართველოს ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა, სალომე ზურაბიშვილმა გაავრცელა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" გელა დუმბაძემ თემის კომენტირებისას განუცხადა, სალომე ზურაბიშვილი გუშინ სახელმწიფო მინისტრის აპარატში იმყოფებოდა. მისივე ინფორმაციით, ხანგრძლივი საუბარი ორმაგი მოქალაქეობისა და სხვა საკითხებსაც შეეხო.

"ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი ცნობილი მოღვაწეა, გარდა ამისა, ის არის ქართული დიასპორის წევრი საფრანგეთიდან. ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი გუშინ გვესტუმრა. შედგა ხანგრძლივი შეხვედრა. საუბარი შეეხო უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეთა პრობლემების მთელ სპექტრს. მათ შორის, ორმაგი მოქალაქეობის საკითხს. ჩვენ დავამუშავეთ სხვადასხვა მიდგომები და ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს შევთავაზეთ, რომ ის სათავეში ჩაუდგეს ჩვენს თანამემამულეთა უფრო დიდ ჯგუფს. მობრძანდნენ ჩვენთან. ჩვენ მოვიწვევთ სხვადასხვა სამინისტროების კომპეტენტურ წარმომადგენლებს და ეს თემა - ორმაგი მოქალაქეობა და სხვა საკითხები, რომლებიც დიასპორის წინაშე დგას, განვიხილოთ საქმიან აკადემიურ რეჟიმში", - განაცხადა გელა დუმბაძემ.

მისივე თქმით, სალომე ზურაბიშვილმა ცალსახად გაუსვა ხაზი, რომ ის პრობლემით და პრეტენზიით არ მისულა, არამედ მას სურს ამ თემაზე სამუშაო პროცესის დაწყება, რასაც გელა დუმბაძის შეფასებით წინ არაფერი უდგას.

"მრავალი ნიუანსია, სახელმწიფო ინტერესებია. მე მინდა თვითონ ქალბატონმა სალომემაც და ჩვენმა თანამემამულეებმაც ამ სივრცეში მოისმინონ ყველა პრობლემატიკა, ერთად მივიღოთ რაღაც გადაწყვეტილება და მერე მოვახდინოთ ქვეყნის ხელისუფლების წინაშე ინიცირება. ამას ჭირდება დამუშავება, რადგან ეს არის მრავალსეგმენტური ამოცანა", - განცხადა დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა.

უცხოეთის სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრებმა ქართველმა ემიგრანტებმა საქართველოს ხელისუფლებას რამდენიმე საკანონმდებლო ინიციატივით მიმართეს.

აღნიშნულთან დაკავშირებით ემიგრაციაში მყოფმა ქართველებმა წერილი გაავრცელეს, რომელსაც 226 მოქალაქე აწერს ხელს. მასში უცხოეთში მცხოვრები ქართველები სხვა წინადადებებთან ერთად, იმ მუხლის გაუქმებას მოითხოვენ, რომლითაც სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მიღების დროს, საქართველოს მოქალაქე პირველად მოქალაქეობას კარგავს. წერილი ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა სალომე ზურაბიშვილმა გაავრცელა.