პროექტის მეორე მოსმენით განხილვისას, შესაძლოა ალტერნატიული წინადადებაც დადგეს

პროექტის მეორე მოსმენით განხილვისას, შესაძლოა ალტერნატიული წინადადებაც დადგეს

პარლამენტში ბესელია-ფოფხაძე-სესიაშვილის საკანონმდებლო პაკეტის მეორე მოსმენით გატანისას, შესაძლოა ალტერნატიული წინადადებაც დადგეს.

აღნიშნული პაკეტის მეორე მოსმენით განხილვის დროს ალტერნატიული პროექტის დაყენების ვადასა და პროცედურაზე დებატები ბიუროს სხდომაზე გაიმართა. როგორც ფრაქცია "ქართული ოცნება – რესპუბლიკელების" წარმომადგენლების მხრიდან ითქვა, ისინი ჯერაც არ იცნობენ ბესელია-ფოფხაძე-სესიაშვილის პაკეტის მეორე მოსმენის რედაქციას, რითაც ალტერნატიული საკანონმდებლო წინადადების მომზადების შესაძლებლობა არ აქვთ. მათ დამატებითი დრო მოითხოვეს იმისთვის, რომ ვიდრე მეორე მოსმენით გადამუშავებული პაკეტი სესიაზე გავა, პროექტის გაცნობის შესაძლებლობა მიეცეთ.

"რეგლამენტის მიხედვით, ალტერნატიული წინადადების დასაყენებლად საჭიროა 30 საათი იყოს დარჩენილი კენჭისყრამდე, რაც კანონის განხილვის ჩვეულებრივ პროცედურას ერგება, მაგრამ მაშინ როცა საკითხი დაჩქარებული რეჟიმით განიხილება, ტექსტს გაცნობილი არა ვარ და არ მაქვს საშუალება დავაყენო ალტერნატიული წინადადება", - განაცხადა ფრაქცია "ქართული ოცნება – რესპუბლიკელების" წევრმა გიგლა აგულაშვილმა.

თინა ხიდაშელმა ბიუროს შესთავაზა, ერთი საათი მაინც მიეცეთ იმისთვის, რომ გაეცნონ მეორე მოსმენით გადამუშავებულ ტექსტს, რათა ალტერნატივის მომზადება და მისი შესაბამისი წესით დაყენება შესძლონ.

"პარლამენტმა ან მიიღოს გადაწყვეტილება, რომ ვკრძალავთ ალტერნატიული კანონპროექტების დაყენებას ამ პროექტზე, ან გავყვეთ 24-საათიან პროცედურას და ვითხოვთ, რომ დღეს ჩაგვბარდეს ტექსტი და მოგვეცეს 24 საათიანი დრო კანონროექტის გასაცნობად, ან ჩატარდეს კენჭისყრები იქ, სადაც არის განსხვავებები", - აღნიშნა დებატებისას თინა ხიდაშელმა.

მეორე მოსმენით გადამუშავებული პაკეტის გასაცნობად დეპუტატებისთვის დამატებითი დროის მიცემის წინადადება არ გაიზიარა პროექტის ერთ-ერთმა ავტორმა ეკა ბესელიამ. მან კოლეგებს შეახსენა, რომ საკითხი დაჩქარებული წესით იხილება, აღნიშნა, რომ განწყობილია კონსტრუქციულად და გამოთქვა მზაობა, საკითხის მეორე მოსმენით განხილვის დროს, კოლეგების შენიშვნები გაიზიაროს.

თემაზე დიკუსიისას ვახტანგ ხმალაძემ ბესელაის განუმარტა, რომ განსხვავება ალტერნატიულ წინადადებასა და შენიშვნას შორის არის ის, რომ შენიშვნა მომხსენებელმა შეიძლება გაითვალისწინოს, ან არ გაითვალისწინოს, ალტერნატიულ წინადადება კი, პარლამენტმა უნდა განიხილოს და კენჭისრყაზე დასვას.

"მართალია, ალტარნატიული წინადადებების გაყენების წესი, როცა კანონპროექტი დაჩქარებული წესით იხილება, განსაზღვრული არ არის, მაგრამ რეგლამენტი გვაძლებს იმის შესაძლებლობას, რომ როდესაც რაიმე საკითხი განსაზღვრული არ არის პარლამენტმა ის განსაზღვროს და სათანადო გადაწყვეტილება მიიღოს", - აღნიშნა ხმალაძე.

დეპუტატების კამათის დასრულდა იმით, რომ მათ ცვლილებების გასაცნობად 30 წუთი მიეცათ.