აღსრულების ბიურო ადმინისტრაციული ჯარიმებისა და მათი ოდენობის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

აღსრულების ბიურო ადმინისტრაციული ჯარიმებისა და მათი ოდენობის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

აღსრულების ეროვნული ბიურო, მოქალაქეების ინფორმირების მიზნით, ადმინისტრაციული ჯარიმებისა და მათი ოდენობის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. ბიუროში ინფორმაციით, პირს (ფიზიკური/იურიდიული) ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამო შეიძლება დაეკისროს ადმინისტრაციული სახდელი. ადმინისტრაციული სამართალდარღვევების გავრცელებული მაგალითებია: საგზაო წესების დარღვევა - დამჯარიმებელი ორგანო საპატრულო პოლიცია; საზოგადოებრივი ტრანსპორტით უბილეთოდ მგზავრობა - შპს "თბილისის სატრანსპორტო კომპანია"; ზოგიერთი კომუნალური გადასახადის გადაუხდელობა - სს "თელასი" , სს "ენერგო-პრო ჯორჯია" , სს "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" , შპს "ყაზტრანსგაზ-თბილისი"; საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევა (მათ შორის ალკოჰოლური სასმელის მოხმარება საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში) - სასამართლო, საპატრულო პოლიცია; გარემოს დაბინძურება - გარემოს დაცვის ინსპექცია; ნარკოტიკული საშუალების მოხმარების პირველი შემთხვევა – სასამართლო; საფასურის გარეშე დგომა ან დგომისა და გაჩერების წესების დარღვევა- შპს "სითი პარკი"; გარემოს დაბინძურება, ხე-ტყის უკანონო ჭრა, ბრაკონიერობა და ა. შ. - გარემოს დაცვის ინსპექცია და სხვა.

ადმინისტრაციული სახდელის გავრცელებული სახეა ჯარიმა, რომელიც წარმოადგენს ფულად თანხას.

ჯარიმის კანონით გათვალისწინებულ ვადაში გადაუხდელობა ხშირ შემთხვევაში იწვევს მასზე დამატებითი თანხის - საურავის დარიცხვას. მაგალითად: საზოგადოებრივი ტრანსპორტით უბილეთოდ მგზავრობა ჯარიმდება 5 ლარით, რომელსაც 30 დღეში გადაუხდელობის შემთვევაში ემატება საურავი 50 ლარი და აღსრულების საფასური 20 ლარი. სულ ჯამში 75 ლარი; შპს "სითი პარკი" - საფასურის გარეშე დგომა ან დგომისა და გაჩერების წესების დარღვევა - ჯარიმა 10 ლარი, საურავი 150 ლარი, აღსრულების საფასური 32 ლარი. სულ ჯამში 192 ლარი; პატრული - ქვეითთა მიერ საგზაო წესების დარღვევა და სხვა - 10 ლარი, საურავი 20 ლარი, აღსრულების საფასური 20 ლარი. სულ ჯამში 50 ლარი; პატრული - საავარიო ვითარების შექმნა. ჯარიმა 200 ლარი, საურავი 400 ლარი, აღსრულების საფასური -50 ლარი. სულ ჯამში 650 ლარი; სს "ყაზტრანსგაზ-თბილისი" - ბუნებრივი აირის მოხმარების წესების დარღვევა. ჯარიმა 100 ლარი, საურავი არ ერიცხება, აღსრულების საფასური 30 ლარი. სულ ჯამში 130 ლარი; სს" თელასი": ელექტრო ენერგიის მოხმარების წესების დარღვევა. ჯარიმა 100 ლარი, საურავი არ ერიცხება, აღსრულების საფასური 30 ლარი. სულ ჯამში 130 ლარი.

აღსრულების ეროვნული ბიურო მოქალაქეებს მოუწოდებს, რომ ყურადღება მიაქციოს ჯარიმის ქვითარზე /სასამართლოს დადგენილებაზე მითითებულ გადახდის ვადას, რათა თავიდან აიცილოს დამატებითი ხარჯები, დაკარგული დრო და ენერგია.