საპარლამენტო უმცირესობა აფხაზეთის საკითხზე რეზოლუციის მიღებას კვლავ მოითხოვს

საპარლამენტო უმცირესობა აფხაზეთის საკითხზე რეზოლუციის მიღებას კვლავ მოითხოვს

საპარლამენტო უმცირესობა რუსეთ- აფხაზეთს შორის გაფორმებულ ე.წ.ხელშეკრულებაზე, მათ მიერ მომზადებული რეზოლუციის ტექსტის განხილვას ბიუროს სხდომაზე დღეს კიდევ ერთხელ მოითხოვს.

როგორც უმცირესობის წევრმა გიორგი ბარამიძემ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხდა, რეზოლუციის ტექსტის დაბლოკვა რამდენჯერმე მოხდა, თუმცა ბიუროს დღევანდელ სხდომაზე ისინი ამ საკითხს კატეგორიულად დასვამენ.

,,ამდენი ხანი გაიწელა რეზოლუციის განხილვა და ეს ნამდვილად არ არის საკითხი, რომელზედაც რაღაც პოლიტიკური თამაშები უნდა გაიმართოს. ორი კვირაა შეტანილი გვაქვს რეზოლუციის ტექსტი პროცედურის დაცვით. ბიუროზე იყო მცდელობა, რომ პროცედურულად სხვა რეზოლუციაზე ყოფილიყო მსჯელობა და ჩვენი რეზოლუციის დაბლოკვას ცდილობდნენ. კატეგორიულად დავაყენებთ საკითხს, რომ ის არ გადაიდოს და მსჯელობა დაიწყოს", - განაცხადა ბარამიძემ ჟურნალისტებთან საუბარში.