არასამთავრობოებმა ბესელია-ფოფხაძე-სესიაშვილის კანონპროექტის მიღება გააპროტესტეს

არასამთავრობოებმა ბესელია-ფოფხაძე-სესიაშვილის კანონპროექტის მიღება გააპროტესტეს

არასამთავრობო ორგანიზაციებმა უკანონო მოსმენებთან დაკავშირებით პარლამენტის მიერ პირველი მოსმენით მიღებული ბესელია-ფოფხაძე-სესიაშვილის კანონპროექტი ქუთაისში, პარლამენტის შენობასთან აქციით გააპროტესტეს.

აქციის მონაწილეები ე.წ.გასაღების კვლავ შსს-სთვის დატოვებას არ ეთანხმებიან და კანონპროექტს დრაკონულ კანონს უწოდებენ.

"ყველაზე ნაკლებად სასურველ კანონზე შეაჩერა პარლამენტმა არჩევანი. ამ სირცხვილის თაობაზე ნათელი წარმოდგენა თვითონ საკითხის ინიციატორებსა და მასში ჩართულ პირებს არ აქვთ. გუშინ საქართველოს პარლამენტმა არ შეასრულა ამომრჩევლის დაკვეთა," - აცხადებს "სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების" ხელმძღვანელი ნინო ლომჯარია.

გაზეთ რეზონანსის მთავარი რედაქტორის ლაშა ტუღუშის განცხადებით კი, პარლამენტმა ისეთი კანონი უნდა მიიღოს, რომელიც ქვეყანას ეკადრება.

"არ შეიძლება ვიღაცები ჩვენს მოქალაქეებს უძვრებოდნენ გულში, სულში, ჯიბეში. იმედი მაქვს, ისეთ კანონს მივიღებთ, რომელიც ჩვენს ქვეყანას ეკადრება," - აცხადებს ტუღუში.

არასამთავრობოები აქციების გამართვას თბილისშიც გეგმავენ.