არც ამერიკაში და არც ევროპაში ეჭვი აღარავის ეპარება, რომ პოლიტიკურად მოტივირებული კამპანია განხორციელდა

არც ამერიკაში და არც ევროპაში ეჭვი აღარავის ეპარება, რომ პოლიტიკურად მოტივირებული კამპანია განხორციელდა

არც ამერიკაში და არც ევროპაში არავის ეჭვი არ ეპარება, რომ ჩემი და ჩემი პარტიის მიმართ პოლიტიკურად მოტივირებული კამპანია განხორციელდა, - ამის შესახებ "ამერიკის ხმის" ქართულ რედაქციასთან საქართველოს თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერმა ირაკლი ალასანიამ განაცხადა.

"ეს რომ პოლიტიკურად მოტივირებული კამპანია იყო ჩემს წინააღმდეგ ან იმ პოლიტიკური ძალის წინააღმდეგ, რომელიც მაშინ ფორმირდებოდა, არავის არ ეპარება ეჭვი არც ამერიკაში და არც ევროპაში. როგორც გახსოვთ, გავატარეთ ცვლილებები და მე დავბრუნდი პარტიაში, ეს კი წინასწარ ცნობილი იყო ჩვენი ახლანდელი ოპონენტებისთვის", - განაცხადა ალასანიამ.

მისივე თქმით, პროკურატურის მხრიდან გადადგმულ ნაბიჯებით საქართველოს ევროატლანტიკურ კურსს საფრთხე შეექმნა.

"მინდა აღვნიშნო, რომ საქართველოს ევროატლანტიკური კურსისგან არ გადაუხვევია, არამედ შეიქმნა საფრთხე იმ ნაბიჯებით, რომელიც გადადგა პროკურატურამ და ამით ჩვენი თავდაცვისუნარიანობის ამაღლებასაც შეექმნა საფრთხე. მაგრამ მე იმედი მაქვს, რომ მომავალში, იმ ვითარებაში როცა ჩვენ, როგორც პოლიტიკურ ძალას, გვექნება საშუალება გავაკონტროლოთ ხელისუფლების ყველა ნაბიჯი, არ მიეცემა საშუალება არავის, არც ერთ პოლიტიკურ ძალას, რომ საქართველომ იმ კურსიდან გადაუხვიოს, რომელიც ხალხის არჩევანით ევროპაშია", - აღნიშნა ალასანიამ.

მისივე თქმით, საქართველოს მოსახლეობამ არჩევანი დასავლური ღირებულებების სასარგებლოდ გააკეთა.

"პირველ რიგში, რაც მინდა ვთქვა და რაც ვერ გაიგეს ჩვენმა ოპონენტებმა რუსეთში, რომ ეს არის ქართველი ხალხის არჩევანი. ჩვენმა მოსახლეობამ გააკეთა არჩევანი დასავლური ღირებულებების სასარგებლოდ. ეს იყო ჩვენი საზოგადოების არჩევანი დამოუკიდებლობის მოპოვებიდან დღემდე და რომ ყველა მთავრობა უნდა შეეხიდოს ამ არჩევანს. ამიტომ, ამ არჩევანს საქართველოს ვერ გადაახვევინებს ვერავინ და ეს არის შეუქცევადი. ამას ვერ შეცვლის ვერც რუსეთის მიერ დაფინანსებული არასამთავრობო თუ მედია ორგანიზაცია თუ პუბლიკაცია", - აღნიშნა ალასანიამ.