პრეზიდენტის ადმინისტრაცია უახლოეს დღეებში პარტიების და საზოგადოების წარმომადგენლებთან შეხვედრებს გეგმავს

პრეზიდენტის ადმინისტრაცია უახლოეს დღეებში პარტიების და საზოგადოების წარმომადგენლებთან შეხვედრებს გეგმავს

პრეზიდენტის ადმინისტრაცია შეხვედრებს როგორც პოლიტიკური პარტიების, ისე საზოგადოების წარმომადგენლებთან უახლოეს დღეებში დაგეგმავს.

ამის შესახებ ჟურნალისტებს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა დავით პატარაიამ განუცხდა.

"ჩვენი ქვეყანა სერიოზული გამოწვევის წინაშე დგას. შესაბამისად, საქართველოს პრეზიდენტმა მიმართა საზოგადოებას, დასვა მნიშვნელოვანი აქცენტები. ერთ-ერთი მთავარი ამ აქცენტებს შორის არის ის, რომ ჩვენ დღეს უნდა მოვახერხოთ საზოგადოებრივი ძალების კონსოლიდაცია, მათი გაერთიანება ქვეყნის ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე. სწორედ ამიტომ, ჩვენ უახლოეს დღეებში დავგეგმავთ შეხვედრებს როგორც პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებთან, ასევე საზოგადოების წარმომადგენლებთან. შეხვედრების მიზანი იქნება ჩამოყალიბდეს ერთიანი ხედვა იმისათვის, რათა ჩვენ ერთობლივი ძალებით გავუმკლავდეთ ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებს", - განაცხადა პატარაიამ.

მისივე თქმით, "შეხვედრები იქნება ყველა პოლიტიკურ ძალასთან, რომელიც სურვილს გამოთქვამს, პრეზიდენტის მოწოდებას შეუერთდეს".

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა გუშინ განაცხადა, რომ იწყებს კონსულტაციებს როგორც საპარლამენტო, ასევე არასაპარლამენტო პოლიტიკურ პარტიებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან, სამეცნიერო და საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან იმ საკითხთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა იმოქმედონ აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებასთან რუსეთის მიერ ე.წ. ხელშეკრულების ხელმოწერის შედეგად წარმოქნილი პრობლემების დასაძლევად.