ლოურენს სკოტ შიტსი,"Eurasianet"
როდესაც 1991 წელს მიხეილ გორბაჩოვი კათოლიკურ შობაზე სიტყვით გამოვიდა და განაცხადა, რომ საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირმა არსებობა შეწყვიტა, დემოკრატიის მოახლოებასთან დაკავშირებული ეიფორია ახლადჩამოყალიბებულ სახელმწიფოებში, სომხეთში, აზერბაიჯანსა და საქართველოში, უკვე ქრებოდა.
უკანასკნელი საბჭოთა ლიდერის კადრებს, რომელიც მსოფლიოს რუკიდან იმპერიას შლიდა, ის კადრები ცვლიდა, რომელზეც ათასობით კილომეტრის მოშორებით სამხრეთისკენ, კერძოდ კი საქართველოს დედაქალაქ თბილისში განვითარებული ქრონიკა აისახებოდა, სადაც პრეზიდენტ გამსახურდიას დამხობის მიზნით ორმა სამხედრო მეთაურმა შეიაღარებული კამპანია წამოიწყო. ისინი ზედმეტად გართულები იყვნენ იმისთვის, რომ გორბაჩოვისთვის ყურადღება მიექციათ. მძიმე არტილერიით მათ ცეცხლი გაუხსნეს პარლამენტის შენობას, რომლის ბუნკერშიც გამსახურდია იმალებოდა.
სსრკ-ს დაშლამდე დიდ ხნით ადრე საქართველო სამხრეთ ოსეთთან კონფლიქტის მორევში ჩაება. მეორე კონფლიქტი აფხაზეთში ღვივდებოდა და თვეების შემდეგ ისიც სამხედრო მოქმედებებში გადაიზარდა. კიდევ უფრო ადრე აზერბაიჯანლებს და სომხებს შორის სისხლისღვრა გაჩაღდა მთიანი ყარაბახის რეგიონის გამო. შემდეგ იყო სამოქალაქო ომები, გადატრიალებები კომიკური ოპერის სტილში და სისხლიანი აჯანყებები, და ეს ყველაფერი მრავალი წლის განმავლობაში გრძელდებოდა.
უდაოა, რომ დამოუკიდებლობის პირველ, ქაოსით სავსე დღეებში, სიტყვა „დემოკრატია“ საყვარელ ლოზუნგს წარმოადგენდა – „კომუნიზმის“ და „საბჭოთა ხელისუფლების“ ანტონიმი და ანტიდოტი იყო (ბუნებრივია იმის გათვალისწინებით თუ ვის მხარეზე იყო ადამიანი). ამ სიოს ვერც ვერც წარსულში პოლიტბიუროს წევრი ჰეიდარ ალიევის და ედუარდ შევარდნაძის ელიტის წარმომადგენლები გადაურჩნენ. შესაძლოა, მათ სურდათ დასავლელი დონორების თვალში უფრო დამაჯერებელი იერი ჰქონოდათ, ან მიაჩნდათ, რომ ეს დროის მოთხოვნა იყო.
რეალობა კი გაცილებით რთული გახლდათ.
ჩემს მეგობრებს ამ ზღაპრულად ლამაზი მხარიდან, აბსოლუტურად განსხვავებული წარმოდგენა ჰქონდათ იმაზე, თუ რას ნიშნავს დემოკრატია და რა დრო დასჭირდებოდა მის თუნდაც რაიმე დოზით მიღწევასაც კი. ისინი გაცილებით ნაკლებად გულუბრყვილონი იყვნენ, ვიდრე ბევრი დასავლელი და იცოდნენ, თუ რა ეკლიანი გზის გავლა მოუწევდათ.
მახსენდება 1993 წლის ზაფხულის შუადღე, ელვისებური „სამოქალაქო ომი“ ცენტრალური აზერბაიჯანის სტეპებში. ჩემს კოლეგა ადილ ბუნიატოვთან ერთად საშინელ სიცხეში მომხდარს ვიდეოზე ვიღებდით, გადავაადგილდებოდით „სამთავრობო“ ჯარების ჯავშანმანქანით. ჩვენმა მოუქნელმა მებრძოლებმა, იცავდნენ რა „დემოკრატიას“ ადამიანებისგან, რომლებიც თავის მხრივ დემოკრატიის საკუთარი ინტერპრეტაციის სადარაჯოზე იდგნენ, მაქანანა მოაბრუნეს, თვალი გააყოლეს რა გოგონას, რომელმაც გვერდით ჩაგვიარა. ადილმა, რომელიც მოგვიანებით ბაქოს შემოგარენში სამხედრო ყაზარმებში ბუნტის გაშუქების დროს დაიღუპა, თქვა, რომ დემოკრატიის საწინააღმდეგო არაფერი არ აქვს, მაგრამ აღიზიანებს ის, რომ ამ სიტყვას მიმდინარე განუკითხაობასთან მიმართებაში იყენებდნენ.
მახსენდება ასევე ახალგაზრდა კაცი, რომელიც 1994 წელს ჩემს თბილისურ ბინაში წვეულებაზე დაუპატიჟებლად მოვიდა. სტუმრებმა მის მიღებაზე უარი თქვეს, რადგან ახალგაზრდა გამომწვევად იქცეოდა. შეურაცხყოფილი სტუმარი დაბრუნდა და წვეულების მონაწილეებს ავტომატიდან ცეცხლი გაუხსნა. სინამდვილეში იმ პერიოდის საქართველოსთვის ამაში არაფერი უჩვეულო არ იყო. როდესაც ბოლოს და ბოლოს მილიციელები მოვიდნენ (გამოძახებიდან 45 წუთში), მათ უმალ დატოვეს იქაურობა და აღშფოთებულები იყვნენ იმით, რომ გამოიძახეს, რადგან „ხომ არავინ მოუკლავთ“.
ჩემმა მეგობარმა შალვამ, რომელიც წვეულებაზე დავპატიჟე, დაღვრემილმა მითხრა: „დღეს აქ გახსნილი გულით ვერ იცხოვრებ. ეს დემოკრატია არ არის, ეს განუკითხაობაა. ასე, რომ უახლოესი რამდენიმე წლით, ვიდრე სიტუაცია უფრო სტაბილური არ გახდება, აქედან უნდა წავიდე“.
ჩვეულებრივი ფაქტები არანაკლებ მრავლისმეტყველია, ვიდრე საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა: უკმაყოფილოებმა არჩევანი ფეხებით გააკეთეს. 1999 წელს საქართველოს სტატისტიკის სამინისტრო იტყობინებოდა, რომ იმ ადამიანების რიცხვმა, რომლებმაც ქვეყანა დატოვეს, მილიონი შეადგინა. სომხეთში ზოგიერთები შიშობენ, რომ მოსახლოების გადინება ისეთ სერიოზულ ხასიათს იძენს, რომ უკვე თავად სომხეთის სახელმწიფოს არსებობას ემუქრება. აზერბაიჯანშიც კი, სადაც ეკონომიკური სიტუაცია, მიუხედავად კორუფციის ბატონობისა, გაცილებით უკეთესია ნავთობით და გაზით მიღებული შემოსავლების გამო, მცხოვრებლები დიდი ხანია რაც ფულის საშოვნელად რუსეთში დადიან. თუმცა, ბოლო დროს სიტუაცია უკეთესობისკენ იცვლება.
20 წლის წინ დაბადებული „თავისუფალი კავკასია“ პლანეტის ერთ-ერთ ყველაზე არასტაბილურ გეოპოლიტიკურ მონაკვეთში გაჩნდა. არაპროგნოზირებადი და გააფთრებული ყოფილი მეტროპოლია (მოსკოვი) იმპერიის დაკარგვას გლოვობდა. საზღვრები, რომელიც მკაფიოდ გავლებული არ იყო, კონფლიქტების საბაბს ქმნიდა. ეროვნებათაშორისმა მტრობამ, რომელიც სსრკ-ს დაშლამდე ათწლეულების განმავლობაში ღვივდებოდა, ამოხეთქა. რეგიონის ეკონომიკა ნანგრევებში იყო.
დიპლომატების არმიამ, რომელიც რეგიონს მიაწყდა, მილიარდობით დოლარის უცხოურმა დახმარებამ და სამოქალაქო საზოგადოების პროგრამების სოლიდურმა დაფინანსებამაც კი ვერ შეძლო ვერც რამდენიმე ძირითადი ხანძრის ჩაქრობა და ვერც ბოლომდე სტაბილური სახელმწიფო წყობის ჩამოყალიბება. ბევრ ადგილას კორუფცია ბატონობს. სოციალური უზრუნველყოფის სისტემები გაჭირვებით მუშაობს. ასე რომ, ცინიზმისთვის ყველა საფუძველი არსებობს. აბსოლუტურად ბუნებრივია, რომ გასული მღელვარე ათწლეულის განმავლობაში, სიტყვამ „დემოკარატია“ წარსული ელვარება დაკარგა.
მაგრამ არის თუ არა მართლაც ამ მხრივ უნიკალური კავკასია? მაშინ რა შეიძლება ითქვას ამერიკელების 80%-ზე მეტზე, რომლებიც უკმაყოფილონი არიან საკუთარი კონგრესის მუშაობით? სინამდვილეში ამერიკელებს, რომლებიც მზად არიან გასცენ დემოკრატიის გაკვეთილები, მკაფიოდ აქვთ გაცნობიერებული საკუთარი დემოკრატიის არასრულყოფილება.
და მიუხედავად ამისა, იმედის საფუძველი ნამდვილად არსებობს. რამდენი ადამიანი, რომელიც საქართველოში მუდმივი სიბნელის პირობებში ცხოვრობდა, წარმოიდგენდა 2003 წელს ცხოვრებას მათთვის ძვირფასი ელექტროგენერატორების გარეშე ან იფიქრებდა, რომ სამართალდამცველები მხოლოდ გამომძალველები არ არიან? დამოუკიდებლობის გარიჟრაჟზე არცერთი ზემოთნახსენები ქვეყანა ნამდვილ სახელმწიფოს არ ჰგავდა. ეს იყო ტერიტორიები, სადაც ძლიერის კანონი მართავდა. მასები ბრძოლით მოიპოვებდნენ ერთმანეთისაგან პურს, რომელსაც ბარათებით არიგებდნენ. ახალი მაღაზიის გახსნა ან ახალი შენობის მშენებლობა სასწაულად ითვლებოდა.
სიტყვის „დემოკრატია“ განმარტება, იმის მიხედვით, თუ რასთან ასოცირდება ეს ცნება – ჩვენი იმედები, ოცნებები, თუ იმედგაცრუებები – მოდიან და მიდიან. ადამიანებს იმის აბსოლუტური უფლება აქვთ საკუთარ ლიდერებს ყველაზე მაღალი მოთხოვნები წაუყენონ და ჰქონდეთ საკუთარ სამშობლოში რეალური სახელმწიფო ინსტიტუტების შექმნის და არა იმის მოლოდინი, რომ ისინი ვიღაცის პერსონალურ მამულებად გადაიქცევა. მაგრამ კავკასიაში, სადაც დრო, დასავლეთთან შედარებით, უფრო ხანგრძლივი მონაკვეთებით იზომება, ცოტა ვინმე თუ იყო იმდენად ბრიყვი ეფიქრა, რომ დემოკრატია ერთი ხელის აქნევით დამყარდებოდა. კავკასიის მცხოვრებლების და მათი წინაპრების მიერ დაგროვილმა სიბრძნემ და საღმა აზრმა არ მისცა მათ ასეთი გულუბრყვილობის შესაძლებლობა.
ლოურენს სკოტ შიტსი – საერთაშორისო კრიზისების ჯგუფის ამიერკავკასიური პროექტის დირექტორი და ავტორი წიგნისა „იმპერიის 8 ნაწილი. სსრკ-ს კოლაფსი: ოცწლიანი მოგზაურობა“ („8 Pieces of Empire: A 20-Year Journey Through the Soviet Collapse“)
foreignpress.ge
1092
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85