ფარულ მოსმენებზე წვდომის საკითხზე,

ფარულ მოსმენებზე წვდომის საკითხზე, "თავისუფალი დემოკრატები" "რესპუბლიკელებთან" კონსულტაციას გამართავენ

ფარულ მოსმენებზე წვდომის საკითხთან დაკავშირებით, "თავისუფალი დემოკრატები" "რესპუბლიკელებთან" კონსულტაციას გამართავენ , - ამის შესახებ ფრაქცია "თავისუფალი დემოკრატების" წარმომადგენელმა, გია ცაგარეიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

ცაგარეიშვილის თქმით, პროექტი, სადაც ხაზგასმულია, რომ ფარულ მოსმენებზე წვდომის ერთი გასაღები შინაგან საქმეთა სამინისტროს უნდა ჰქონდეს, მას თავისუფალი დემოკრატები მხარს არ დაუჭერენ. ცაგარეიშვილის განმარტებით, "თავისუფალი დემოკრატები" ფიქრობს, რომ უნდა არსებობდეს ორგასაღებიანი სისტემა, სადაც ერთი გასაღები ექნება სასამართლოს, ხოლო ის თუ ვის ხელში იქნება მეორე გასაღები, ცაგარეიშვილის თქმით, ამ თემაზე ისინი კონსულტაციებს კოლეგებთან მომავალ კვირას გამართავენ.

ფარულ მოსმენებთან დაკავშირებით რამდენიმე პროექტია მომზადებული. კერძოდ, დეპუტატების ბესელია-ფოფხაძე-სესიაშვილის მიერ მომზადებული პროექტის თანახმად, შემოდის ე.წ. ორგასაღებიანი სისტემა, რომლიდანაც ერთი გასაღები პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს, მეორე კი, შინაგან საქმეთა სამინისტროს ექნება.

რაც შეეხება დეპუტატ ვახტანგ ხმალაძის მიერ მომზადებულ პროექტს, ამ პროექტის თანახმად, ფარული მოსმენების "გასაღები" კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის ხელში გადადის.

ე.წ. გასაღების საკითხზე პარლამენტში წარდგენილია არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ მომზადებული საკანონმდებლო წინადადება. არასამთავრობოთა შეთავაზება ასევე ორგასაღებიანი სისტემის ამოქმედებას ითვალისწინებს, რომლის მიხედვითაც, ერთი გასაღები აქვს სასამართლოს, მეორე - ელექტრონულ კომპანიებს.