ფარულ მოსმენებზე არასამთავრობოების ინიციატივა პარლამენტში შესაძლოა

ფარულ მოსმენებზე არასამთავრობოების ინიციატივა პარლამენტში შესაძლოა "თავისუფალი დემოკრატების" სახელით იყოს ინიცირებული

ფარულ მოსმენებზე წვდომის გასაღებთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ მომზადებული საკანონმდებლო ინიციატივა პარლამენტში შესაძლოა რომელიმე დამოუკიდებელი დეპუტატის სახელით იყოს ინიცირებული.

გამორიცხული არ არის, მათი კანონპროექტის პარლამენტისთვის წარდგენა "თავისუფალი დემოკრატების" სახელით მოხდეს. არსებული ინფორმაციით, არასამთავრობოთა კანონპროექტის ინიცირების სურვილს გამოხატავს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა".

კახა კოჟორიძის, ეკა გიგაურის, ნინო ლომჯარიას და ლიკა საჯაიას ავტორობით მომზადებული საკანონმდებლო წინადადება ფარული მოსმენების წვდომაზე ე.წ. ორგასაღებიანი მექანიზმის ამოქმედებას ითვალისწინებს – აქედან ერთი გასაღები ექნება სასამართლოს, ხოლო მეორე – მობილურ, პროვაიდერ კომპანიებს. მათი საკანონმდებლო წინადადების კანონპროექტის სახით ინიცირების შემთხვევაში პარლამენტს გადაწყვეტილების მიღება სამ პროექტს შორის მოუწევს. აქედან ორი, ერთმანეთის ალტერნატიული პროექტი უმრავლესობის ფარგლებშია შემუშავებული.