კანონში არ წერია, რომ საქმის ასლები, რომელსაც გრიფი

კანონში არ წერია, რომ საქმის ასლები, რომელსაც გრიფი "საიდუმლო" ადევს, ადვოკატებს არ უნდა გადაეცეთ

კანონში არ წერია, რომ საქმის ასლები, რომელსაც გრიფი "საიდუმლო" ადევს, ადვოკატებს არ უნდა გადაეცეთ, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" დეპუტატმა შალვა შავგულიძემ განუცხადა.

მისი თქმით, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი პროკურატურას და საგამოძიებო ორგანოებს პირდაპირ ავალდებულებს, უზრუნველყოს დაცვის მხარე სისხლის სამართლის საქმის მასალის ასლებით. დეპუტატის შეფასებით, თავდაცვის სამინისტროს დაკავებული მაღალჩინოსნების ადვოკატებმა სწორი გადაწყვეტილება მიიღეს, როცა არ დათანხმდნენ პროკურატურის შეთავაზებას, საქმის მასალების პროკურატურაში გაცნობის თაობაზე. შავგულიძის თქმით, ასეთ შემთხვევაში შეუძლებელი გახდება სრულყოფილი დაცვის უზრუნველყოფა.

"პროკურატურა თავდაცვის სამინისტროს დაკავებული მაღალჩინოსნების ადვოკატებს სთავაზობდა, მისულიყვნენ პროკურატურაში და საქმის მასალებს იქ გაცნობოდნენ. კანონი ითხოვს, რომ დაცვის მხარეს საქმის მასალის ასლები შეუზღუდავად გადაეცეს. პროკურორის და გამომძიებლის ოთახში მასალებისთვის თვალის გადავლება არ არის საკმარისი სრულყოფილი დაცვის განსახორციელებლად. საქმის მასალები ადვოკატებს უნდა ჰქონდეთ და ამ მასალებზე მუშაობა უნდა შეძლონ მათ. ადვკოკატებმა აბსოლუტურად სწორი გადაწყვეტილება მიიღეს, როცა პროკურატურის შეთავაზებას არ დათანხმდნენ. მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ საპროცესო კოდექსი პროკურატურას ავალდებულებს უზრუნველყოს დაცვის მხარე საქმის მასალების ასლით. შეზღუდვა არსებობს მხოლოდ წინასასამართლო სხდომაზე და ისიც მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებით, როცა საქმე ეხება ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების ან ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებულ მასალებს", - განაცხადა შალვა შავგულიძემ. მისივე შეფასებით, ამ კონკრეტულ შემთხვევაში ადგილი აქვს დაცვის მხარის უფლებების იგნორირებას.