მე ვესწრებოდი იმ დახურულ სხდომას, სადაც ირაკლი ალასანია „მონადირეს“ იცავდა!

მე ვესწრებოდი იმ დახურულ სხდომას, სადაც ირაკლი ალასანია „მონადირეს“ იცავდა!

„ახალი მემარჯვენეების" ლიდერი ფიქრია ჩიხრაძე თვლის, რომ „კოდორის ყოფილი რწმუნებულის ემზარ კვიციანის საქმე მრავალკომპონენტიანია  და საფუძვლიანი გამოძიებაა ჩასატარებელი".

ფიქრია ჩიხრაძემ დღეს „რეპორტიორში" გამართულ პრესკონფერენციაზე, ის პერიოდი გაიხსენა, რომელიც კოდორის ხეობის დაკარგვას უკავშირდება.

„ბევრ სპეკულაციას ვხედავ, ცდილობენ, კვიციანთან დაკავშირებული ვექტორი ირაკლი ალასანიასკენ გადაისროლონ.  მე ვიყავი ჩვენი ფრაქციდან იმ სხდომის მონაწილე, რომელიც შედგა მაშინდელ პარლამენტში და რომელზეც ამ საქმეს იხილავდნენ. ეს იყო თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის დახურული სხდომა, სადაც მე ირაკლი ალასანია პირველად ვნახე, როგორც თანამდებობის პირი, ის აფხაზეთის ხელისუფლებას წარმოადგენდა მაშინ და ძალიან არგუმენტირებულად იცავდა „მონადირის" არგაუქმებას.  ირაკლი ალასანიას პოზიცია იყო მყარი, რომ „მონადირე" არის  ადგილობრივი მოსახლეობისგან დაკომპლექტებული და საჭირო იყო, სამართალდამცავი უწყების კონტროლქვეშ  მოქცეულიყო.

მე მაშინ ალასანიას პირველად დაველაპარაკე და მას მერე  ჩემმა ფრაქციამ და პირადად მე გავაკეთეთ „მონადირის"   მხარდასაჭერი განცხადება ირაკლი ალასანიას მოსაზრებებზე დაყრდნობით. ასე რომ, ნუ ავიტაცებთ თემას, რომ სხვა რამე იყო.

მაშინ, „ნაციონალურ მოძრაობას" ჰქონდა უცნაური განზრახვები და სწორედ ეს არის გამოსაძიებელი! ასევე, გამოსაძიებელია ირაკლი ოქრუაშვილის და შს სამინისტროს ლაშქრობა კოდორის ხეობაში", - განაცხადა ფიქრია ჩიხრაძემ.