ადვოკატებისთვის გამოყოფილ ოთახში ე.წ. კაბელების საქმეზე დაკავებულთა 5-ტომიანი საქმე უკვე დევს

ადვოკატებისთვის გამოყოფილ ოთახში ე.წ. კაბელების საქმეზე დაკავებულთა 5-ტომიანი საქმე უკვე დევს

ჟურნალისტებს პროკურატურაში ის ოთახი დაათვალიერებინეს, რომელსაც თავდაცვის სამინისტროს მაღალი თანამდებობის პირების ადვოკატებს საიდუმლო დოკუმენტების გაცნობას სთავაზობენ.

როგორც პროკურორმა კოკა კაციტაძემ განაცხადა, ოთახში შექმნილია ყველა პირობა, რათა ადვოკატები საქმის მასალებს გაეცნონ.

ადვოკატებისთვის გამყოფილ ოთახში უკვე დევს ხუთტომიანი საქმის მასალები. კაციტაძის თქმით, დაკავებული მაღალჩინოსნების ადვოკატებს შესაძლებლობა ექნებათ, აღნიშნული მასალების გაცნობასთან ერთად, გააკეთონ ამონაწერები, თუმცა დაუშვებელია საიდუმლო დოკუმენტებისთვის ფოტოს გადაღება.

ამასთან, კოკა კაციტაძემ განმარტა, რომ თუკი ადვოკატები გრიფით საიდუმლო დოკუმენტებზე დაშვებას კონტრდაზვერვის დეპარტამენტის მხრიდან მოიპოვებენ და უზრუნველყოფენ დოკუმენტების დაცულობას, მათ შესაძლებლობა ექნებათ, მასალებს მათთვის სასურველ ტერიტირორიაზე გაეცნონ.

ჟურნალისტების შეკითხვის საპასუხოს, ითვალისწინებს თუ არა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი ადვოკატებისთვის მასალების გაცნობის შესაძლებლობას და არა მასალების გაცვლას, კაციტაძემ აღნიშნა, რომ საპროცესო კოდექსში არსებობს ჩანაწერი, რომლის მიხედვით, ადვოკატებს უნდა მიეცეთ მასალების გაცნობის საშუალება.