პარლამენტი ალბათ ბესელია-ფოფხაძე-სესიაშვილის პროექტს დაამტკიცებს, რომელსაც პრეზიდენტი ვეტოს დაადებს

პარლამენტი ალბათ ბესელია-ფოფხაძე-სესიაშვილის პროექტს დაამტკიცებს, რომელსაც პრეზიდენტი ვეტოს დაადებს

დეპუტატი შალვა შავგულიძე  ელოდება, რომ ფარული მოსმენების გასაღებთან დაკავშირებით პარლამენტში ხმათა უმრავლესობით დეპუტატების - ეკა ბესელიას, გედევან ფოფხაძისა და ირაკლი სესიაშვილის კანონპროექტი გავა, თუმცა, მისივე ვარაუდით, აღნიშნულ პროექტს პრეზიდენტი ვეტოს დაადებს. თავად შალვა შავგულიძე ვახტანგ ხმალაძის ავტორობით მომზადებული პროექტისკენ იხრება.

როგორც "ინტერპრესნიუსს" შავგულიძემ განუცხადა, ხმალაძის პროექტის გათვალისწინებით, ფარულ მოსმენებზე ამოქმედდება ერთგასაღებიანი სისტემა და ეს გასაღები კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის ხელში იქნება. მისივე ცნობით, ამავე პროექტით, კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიას დაევალება ელექტრონული მაიდენტიფიცირებელი მონაცემების შენახვა, რისთვისაც პროექტი კომისიის ფარგლებში სპეციალური სამსახურის შექმნას ითვალისწინებს.

"პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ ფარულ მოსმენებზე წვდომის გასაღები არ ჰქონდეს შინაგან საქმეთა სამინისტროს. ამ პრინციპს ვახტანგ ხმალაძის მიერ მომზადებული ვარიანტი აკმაყოფილებს და მე მისკენ ვიხრები", - განუცხადა "ინტერპრესნიუსს" შალვა შავგულიძემ.

დეპუტატი ფიქრობს, რომ ხმათა უმრავლესობით ხმალაძის კანონპროექტის დამტკიცება პარლამენტს გაუჭირდება და მიღებული იქნება ის პროექტი, "რომელსაც მთავრობა უჭერს მხარს", თუმცა მისივე ვარაუდით, ბესელია-ფოფხაძე-სესიაშვილის პროექტს პრეზიდენტი ვეტოს დაადებს.

ფარულ მოსმენებზე წვდომის გასაღებთან დაკავშირებით, ინიცირებისთვის მზადდება რამდენიმე პროექტი. გედევან ფოფხაძის, ეკა ბესელიას და ირაკლი სესიაშვილის პროექტით, ფარულ მოსმენებზე ამოქმედდება ე.წ. ორგასაღებიანი სისტემა – აქედან ერთი გასაღები შინაგან საქმეთა სამინისტროს ექნება, მეორე კი პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს. არსებული ინფორმაციით, ცალკე პროექტს ამზადებს დეპუტატი ვახტანგ ხმალაძე. ხმალაძის საკანონმდებლო ვარიანტის გათვალისწინებით, ფარული მოსმენების გასაღები კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის ხელში იქნება.

ორგასაღებიანი სისტემის ამოქმედებას ითვალისწინებს არასამთავრობო ორგანიზაციათა საკანონმდებლო წინადადება. მათ მიერ პარლამენტში წარდგენილი პროექტის თანახმად, ერთი გასაღები ექნება სასამართლოს, მეორე ელექტრონულ პროვაიდერ კომპანიებს.