"ახალი ქსელები" ე.წ. გასაღების გადაცემის შემთხვევაში ინფორმაციის დაცვასა და უსაფრთხოებაზე პასუხს ვერ აგებს

ასე გამოეხმაურა კომპანიის ტექნიკური დირექტორი ლევან ინჯია ფარულ მოსმენებთან დაკავშირებული ე.წ. გასაღების მობილური ოპერატორებისთვის გადაცემის ინიციატივას.

„თანამშრომლების ტექნიკური დაშვება ამ სახის ინფორმაციაზე უბრალოდ არ შეიძლება იქიდან გამომდინარე, რომ შემდგომში მის დაცულობაზე კომპანია პასუხს ვერ აგებს. საიდუმლო ინფორმაციაზე წვდომა როგორც ჩვენს ტექნიკურ პერსონალს ასევე სხვა ორგანოებს უნდა ჰქონდეს. შესაბამისად ინფორმაციის გაჟონვა საიდან მოხდება, კომპანია ამაზე პასუხს ვერ აგებს“, - განაცხადა მან.

რაც შეეხება ე.წ. გასაღების კომპანიებისთვის გადაცემის ტექნიკურ მხარეს, ინჯიას შეფასებით, ამის შესაძლებლობა არ არსებობს.

"კანონპროექტიდან გამომდინარე რა ვალდებულებაც შემოდის კომპანიების მიმართ, ამის ტექნიკური საშუალება დღეის მდგომარეობით პრაქტიკულად არ არსებობს. არის გარკვეული ტიპის სატელეფონო სადგურები, სადაც ამის  გაკეთება თეორიულად შესაძლებელია, მაგრამ ძალიან დიდ თანხებთან არის დაკავშირებული. კონკრეტულად რა თანხა დაჯდება თითოეული სადგური, ამის თქმა ძნელია, რადგან ეს ტექნიკურად უნდა გაკეთდეს მწარმოებელ ფირმებთან, საიდანაც არის შეძენილი სატელეფონო სადგური. ის ფირმა რა თანხას დაასახელებს, ამაზეა დამოკიდებული. ალბათ, რამდენიმე მილიონზეა საუბარი. გარდა ამისა, არის გარკვეული სატელეფონო სადგურები, სადაც იქ მსგავსი სისტემის მოწყობა პრაქტიკულად შეუძლებელია, რა თანხაც არ უნდა იყოს სახელმწიფოს მხრიდან მის დასაფინანსებლად გამოყოფილი", - აღნიშნა ინჯიამ.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტში ე.წ. ფარულ მოსმენებთან დაკავშიებით რამდენიმე კანონპროექტია ინიცირებული. არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი  ფარულ მოსმენებზე წვდომის ე.წ. გასაღების მობილური და სატელეფონო კომპანიებისთვის გადაცემას მიზანშეწონილად მიიჩნევს.