დარწმუნებული ვარ, სამინისტროს აპარატში ისეთი მეგობრული და შემართებითი ატმოსფერო დამხვდება, როგორც თვითონ ბუკაა

დარწმუნებული ვარ, სამინისტროს აპარატში ისეთი მეგობრული და შემართებითი ატმოსფერო დამხვდება, როგორც თვითონ ბუკაა

ახალი მინისტრი დავით ბაქრაძე დარწმუნებულია, რომ ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატში "ისეთი მეგობრული და შემართებითი ატმოსფერო დახვდება, როგორც თვითონ ბუკაა".

ამის შესახებ დავით ბარქაძემ საზოგადოებრივ მაუწყებელთან, სახელმწიფო მინისტრად დანიშვნის შემდეგ მის პირველ სატელევიზიო ინტერვიუში განაცხადა. ის გამოეხმაურა ალექსი პეტრიაშვილს, რომელმაც დავით ბაქრაძეს სრული მხარდაჭერა გამოუცხადა.

"ძალიან სასიამოვნო იყო, მე, სამწუხაროდ, გადატვირთული გრაფიკის გამო, გამომდინარე იქიდან, რომ დღეს დილით ჩამოვედი, ვერ მოვახერხე მეპასუხა. ჩემთვის ძალიან სასიამოვნოა იმ სამინისტროში მუშაობა, რომელიც ასევე ჩემმა მეგობარმა, დიდი ხნის კოლეგამ დიპლომატიურ სამსახურში, დატოვა. ჯერ არ მომცემია საშუალება, აპარატს გავცნობოდი, მაგრამ დარწმუნებული ვარ, იქ ისეთი მეგობრული და შემართებითი ატმოსფერო დამხვდება, როგორც თვითონ ბუკაა", - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

თუმცა სახელმწიფო მინისტრი არ იზიარებს მისი წინამორბედის განცხადებებს, ევროატლანტიკური კურსისთვის საფრთხის შექმნის თაობაზე და აცხადებს, რომ ამ მიმართულებით 24-საათიან რეჟიმში მუშაობას გეგმავს. პირველ ოფიციალურ შეხვედრებს მინისტრის რანგში დავით ბაქრაძე ბრიუსელში გამართავს, სადაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი მონაწილეობით, ევროკავშირ-საქართველოს ასოცირების საბჭოს პირველი შეხვედრა გაიმართება.

"ხვალ უმნიშვნელოვანესი შეხვედრაა. პირველ რიგში, ვგეგმავ ინფორმაციის მიწოდებას მათთვის იმ გატარებული სამუშაოს შესახებ, რაც ასოცირების შეთანხმების ამოქმედების შემდეგ საქართველოში განხორციელდა, იგულისხმება ბოლო ორი-სამი თვე, რაც შეთანხმების 80% ამოქმედდა. ჩვენს პოზიციებთან დაკავშირებით მივიღებთ მათ კომენტარებს და პასუხებს და შემდგომ დაისახება 2015 წლის ეროვნული სამოქმედო გეგმა. ვერაფრით ვერ გავიზიარებ იმას, რომ რაიმე საფრთხე ემუქრება ამ ძალისხმევას, შესაბამისად, ამ მიმართულებით 24 საათიან რეჟიმში ვაპირებთ რომ ვიმუშაოთ და შედეგებს დაველოდოთ", - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

მისივე თქმით, მინისტრის პოსტის შეთავაზება მისთვის მოულოდნელი არ ყოფილა. "დიპლომატიურ სამსახურში 12-წლიანი გამოცდილების შემდეგ ჩამომიყალიბდა ის გამოცდილება, რომელიც მეხმარებოდა საბერძნეთში, როგორც ევროკავშირისა და ნატო-ს წევრ ქვეყანაში, სახელმწიფო სტრუქტურებთან, პარლამენტარებთან, ევროპარლამენტარებთან მუშაობაში. ესაა ქვეყანა, რომელიც სკეპტიკოსი ქვეყნებიდან თანდათანობით იცვლის თავის პოზიციას და საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდამჭერი ქვეყანა ხდება. შესაბამისად, მოულოდნელი არ ყოფილა, სასიამოვნო შემოთავაზება იყო. გამოწვევა ძალიან დიდია, ძალიან მნიშვნელოვანი და ამ მიმართულებით მთელი ძალისხმევა მობილიზებული მაქვს", - დასძინა დავით ბაქრაძემ.