პაატა ზაქარეიშვილი

პაატა ზაქარეიშვილი "ნაციონალური მოძრაობის" აქციაზე - გაზი არავის გაუშვია, არავის დაურბევია

ბედნიერი ვარ, რომ ჩვენ იმ სახელმწიფოში ვართ, სადაც ოპოზიციის ლიდერს პირდაპირ შეუძლია ჩაერთოს უცხოეთიდან და მიმართოს თავის მომხრეებს , - ასე გამოეხმაურა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი, პაატა ზაქარეიშვილი "ნაციონალური მოძრაობის" გუშინდელ აქციას და აქციის მონაწილეებისთვის ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიმართვას.

როგორც ზაქარეიშვილმა აღნიშნა, მას აქციის მიმდინარეობისთვის არ უყურებია, რადგან ბრიუსელში მისი გამოსვლის ტექსტს ამზადებდა.

"როგორც მე ვიცი აქციაზე გაზი არავის გაუშვია, არავის დაურბევია. ბედნიერი ვარ, რომ ჩვენ იმ სახელმწიფოში ვართ, სადაც ოპოზიციის ლიდერს პირდაპირ შეუძლია ჩაერთოს უცხოეთიდან და მიმართოს თავის მომხრეებს. ეს არის უდიდესი წარმატება, რომელიც წარმოუდგენელი იყო მიხეილ სააკაშვილის დროს", - განაცხადა ზაქარეიშვილმა.

მანვე აღნიშნა, რომ სააკაშვილს საქართველოში ჩამოსვლას არავინ უკრძალავს. "ვინ უკრძალავს მას ჩამოსვლას? როგორც კი ჩატარდა არჩევნები, მაშინვე მოჰკურცხლა საქართველოდან, ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციასაც არ დასწრებია. წესით, ის სულ ცოტა, ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციას უნდა დასწრებოდა. "მან კარგად იცოდა თუ რა ცოდვები აქვს ჩადენილი. არავინ უკრძალავს ჩამოსვლას, ჩამოვიდეს და მისცეს ჩვენება პროკურატურას", - განაცხადა ზაქარეიშვილმა.