საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, დღეს მთელი ცივილიზებული სამყარო ტოლერანტობის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს.
როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა ტოლერანტობის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე განაცხადა, ეს დღე კიდევ ერთხელ შეგვახსენებს სხვადასხვა კულტურებს, სხვადასხვა ცივილიზაციებს შორის პატივისცემის, დიალოგისა და თანამშრომლობის აუცილებლობას.
"საბედნიეროდ, ჩვენს ქვეყანას ამის დიდი ტრადიცია აქვს. საქართველოს და თბილისს ტოლერანტობის ცენტრად იცნობდა მთელი კავკასია. თბილისი იმ ღირებულებებით ცხოვრობდა, რომლისთვისაც უცხო იყო რელიგიური და ეთნიკური ნიშნით შეუწყნარებლობა. თბილისისთვის ყოველთვის ორგანული იყო უმცირესობების პატივისცემა. ტოლერანტობა ეს ის დემოკრატიული ღირებულებაა, რომლის დასამკვიდრებლადაც ჩვენ დიდი ძალისხმევა არასოდეს დაგვჭირვებია და დარწმუნებული ვარ, არც არასოდეს დაგვჭირდება. ეს არ არის მხოლოდ სიტყვები - თბილისში, ერთ, სულ პატარა უბანში, საუკუნეებია გვერდიგვერდ იდგა და დგას სინაგოგა, მეჩეთი, სომხური სამოციქულო ეკლესია და მართმადიდებლური ტაძარი. აქ, ჩვენს ქალაქში, ერთ ეზოში, ქართველებთან ერთად ცხოვრობდნენ ებრაელები, სომხები, იეზიდები, ასირიელები, რუსები, უკრაინელები და სხვები, რომლებიც მეგობრობდნენ და ერთმანეთის ჭირსა და ლხინს იზიარებდნენ. ასე გრძელდება დღესაც, და ჩვენ ნამდვილად შეგვიძლია ვიამაყოთ ამით. ტოლერანტობა, რომელიც უკვე ჩვენი კულტურის განუყოფელი ნაწილია, გვავალდებულებს დავიცვათ და მომავალს შემოვუნახოთ ეს შესანიშნავი ტრადიცია. ვიცი, რომ არსებობს ეს ინიციატივა და მივესლამები, რომ ჩვენს დედაქალაქში, ამ სკვერს მიენიჭოს ტოლერანტობის სახელი. ჩვენი მხრივ, ეს იქნება ამ დიდი ტრადიციის ერთგულების კიდევ ერთი დადასტურება", - განაცხადა ღარიბაშვილმა.