დღეს შეიძლება ვთქვათ, რომ საქართველო მართლაც დამოუკიდებელია. საქართველო არაკორუმპირებული ქვეყანაა და ეს გამოარჩევს საქართველოს სხვა ქვეყნებისგან, - ამის შესახებ "ღია საზოგადოების ფონდების" დამფუძნებელმა ჯორჯ სოროსმა თბილისის ისტორიის მუზეუმ "ქარვასლაში" "ფონდ ღია საზოგადოება - საქართველოს" 20 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
ჯორჯ სოროსის თქმით, აღსანიშნავია, რომ ფონდი 20 წლის შემდეგ კიდევ არსებობს.
"როდესაც ვუყურებთ ყველა ამ ადამიანს, გამახსენდა ფონდის საქმიანობის 20 წელი და გამახსენდა, როგორი იყო საქართველო 20 წლის წინ. მართლაც ძალიან ბევრი რამით შეგვიძლია ვიამაყოთ, როცა ვუყურებთ, თუ რა გაკეთდა ბოლო 20 წლის განმავლობაში. თუ რამდენად ბევრი მიღწევა გვაქვს. ყველაზე მეტად მნიშვნელოვანია, რომ "ღია საზოგადოება საქართველო" რეალურად მართლაც ძალიან განვითარდა. თქვენ, აქ, საქართველოში ცხოვრობთ, მთელი ამ ხნის განმავლობაში აქ იყავით და შეიძლება ბოლომდე ვერ აცნობიერებდეთ, რეალურად რამდენ რამეს მიაღწიეთ ბოლო პერიოდის განმავლობაში", - განაცხადა ჯორჯ სოროსმა და დასძინა, რომ დღეს საქართველო მართლაც დამოუკიდებელი, არაკორუმპირებული ქვეყანაა, რაც მას სხვა ქვეყნებისგან გამოარჩევს.
"მოდით, ვიზეიმოთ და აღვნიშნოთ, რასაც მივაღწიეთ აქამდე და მოდით, იმედის თვალით შევყუროთ მომავალს", - განაცხადა ჯორჯ სოროსმა.
ფონდის 20 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებას "ქარვასლაში" ასევე ესწრებოდნენ საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი, აღმასრულებელი, საკანონმდებლო, არასამთავრობო სექტორისა და მედიის წარმომადგენლები.