ზოგადად, თავისუფლებით ჯერ კიდევ ბევრია შეშინებული ამ ქვეყანაში და მათი თავისუფლებისთვის ზიარება, ეს ჩვენი ამოცანაა, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა, თბილისის ისტორიის მუზეუმ "ქარვასლაში", ფონდ "ღია საზოგადოება-საქართველოს" 20 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
დავით უსუფაშვილმა დასწრე საზოგადოებას დღევანდელი დღე მიულოცა.
"მოგესალმებით ახალგაზრდებო, სულით ახალგაზრდებო, მოგესალმებით თავისუფალო ადამიანებო, ხალხო, ვინც "ღია საზოგადოების ფონდმა" შეგვკრიბა და ერთმანეთთან დაგვაკავშირა. აქ, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ერთ-ერთი დამფუძნებლის სტატუსით ვარ და მოხარული ვარ, რომ როგორც არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელს ისე, ფონდ "ღია საზოგადოება-საქართველოს" საბჭოს წევრს, მომიწია სათავეებთან ყოფნა 20 წლის წინ", - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
მან მადლობა გადაუხადა ჯორჯ სოროსს და ბევრ ქართველ მოღვაწეს, რომელმაც ფონდის საქმიანობის პირველივე დღეებში და წლებში სწორად დაინახა და განსაზღვრა მისი საქმიანობის სტრატეგია.
"მოდით, ვიყოთ, გულახდილნი დღეს და ვაღიაროთ, რომ 20 წლის წინ, ძალიან ბევრი ის ღირებულება, ის კონცეფცია, ის ფუნდამენტური ხედვა, რაც დღეს ჩვენთვის ჩვენი ყოველდღიურობაა იყო უცნობი და ფონდმა ჩვენ გაგვიხსნა გზა თავისუფალი სამყაროსკენ. ამიტომ, მოდით, ნუ გავუბრაზდებით ჩვენ თანამოქალაქეებს, რომლებიც ცოტა არ იყოს შეშფოთებულნი არიან ხოლმე ხანდახან რა უნდა ფონდს, რა უნდა სოროსს, რა უნდა გრანტის მიმღებ ორგანიზაციებს. ზოგადად თავისუფლებით ჯერ კიდევ ბევრია შეშინებული ამ ქვეყანაში და მათი თავისუფლებისთვის ზიარება ჩვენი ამოცანაა. ძალიან ბევრი საქმე გაკეთდა 20 წლის განმავლობაში, მაგრამ მინიმუმ კიდევ 20 წელი გვჭირდება ჩვენ იმისათვის, რომ საქართველოში მართლაც ღია საზოგადოების არსებობა ვიზეიმოთ", - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
დავით უსუფაშვილი, ერთ-ერთი პირველი უფლებადამცველი ორგანიზაციის - "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" დამფუძნებელია, რომლის განვითარებაში "ფონდ ღია საზოგადოება საქართველოს" დიდი წვლილი მიუძღვის.