დიდი ბედნიერებაა, რომ ნაციონალები ზოგი ქუჩაშია და ზოგი ქვეყანაში ვერ ჩამოდის, - ამის შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა ჟურნალისტებს "ნაციონალური მოძრაობის" მიერ ორგანიზებული აქციის შეფასებისას განუცხადა.
მისივე თქმით, აქციის გზავნილები არ მოუსმენია.
"გზავნილები არ მომისმენია. ზოგადად, დიდი ბედნიერებაა, რომ "ნაციონალები" ზოგი ქუჩაშია და ზოგი ქვეყანაში ვერ ჩამოდის. გარედან ლაპარაკობს, არ არიან ხელისუფლებაში და არ ანგრევენ ქვეყანას", - განაცხადა სოწარ სუბარმა.
მისივე თქმით, 2008 წელს მიხეილ სააკაშვილმა 120 სოფელი და ხუთი ხეობა ჩააბარა, მათ შორის, ის ხეობები, საიდანაც საქართველოს სახელმწიფოებრიობა იწყებოდა.
"თვითონ ამას აფასებდა, რომ საქართველომ დაკარგა რამდენიმე სოფელი, რამდენიმე ქვა-ღორღიანი ადგილი, სალაპარაკოდაც არ ღირსო. ჯერ ეს გაიხსენოს, ამას მისცეს შეფასება და შემდეგ ილაპარაკოს დანარჩენი", - განაცხადა სოზარ სუბარმა.
დღეს "ნაციონალური მოძრაობის" მიერ ორგანიზებული აქციის მონაწილეებს მიხეილ სააკაშვილმა კიევიდან მიმართა.