გოკა გაბაშვილი - ორი წლის განმავლობაში ჩვენ ვუყურებთ მთავრობას, რომელიც უთავმოყვარეოდ ატყუებს საკუთარ ხალხს

გოკა გაბაშვილი - ორი წლის განმავლობაში ჩვენ ვუყურებთ მთავრობას, რომელიც უთავმოყვარეოდ ატყუებს საკუთარ ხალხს

ორი წლის განმავლობაში ჩვენ ვუყურებთ მთავრობას, რომელიც უთავმოყვარეოდ ატყუებს თავსაც, საკუთარ ხალხსაც და მთელს მსოფლიოს , - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა გოკა გაბაშვილმა რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე განმარტებით, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ქართველი ხალხის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების მოსალოდნელი ანექსიის წინააღმდეგ ხმის ამაღლებას.

"ორი წლის განმავლობაში ჩვენ ვუყურებთ მთავრობას, რომელიც უთავმოყვარეოდ ატყუებს თავსაც, საკუთარ ხალხსაც და მთელს მსოფლიოს. თითქოს ჩვენ ურთიერთობების დალაგებით ვართ დაკავებული ოკუპანტთან, თითქოს ჩვენ მდგომარეობა და ურთიერთობები გავიუმჯობესეთ რუსეთთან. ამ დროს საქართველოს ანაწევრებენ ნაწილ-ნაწილ, მავთულხლართებს ავლებენ, ხალხს იტაცებენ. მთელს მსოფლიოს უნდა გავაგონოთ ჩვენი ხმა – ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ თქვენ დღეს აქ ხმამაღლა იტყვით "არა ანექსიას", "ძირს ოკუპანტი", ძირს ის კოლაბორაციონისტული მთავრობა, რომელიც დაბუდებულა, რომელიც გატყუებთ თქვენ და მთელს საქართველოს", - მიმართა გაბაშვილმა აქციის მონაწილეებს.

საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლის თქმით, ქართულ საზოგადოებას ანექსიის მცდელობის წინააღმდეგ, ვერც ერთი მთავრობა და "მისი მბრძანებელი" ვერ გააჩუმებს. 

"დღეს მთელი საზოგადოება გამოვიდა ქუჩაში, რომ უთხრას "არა ოკუპაციას". სანამ ეს ხმა ისმის, იქამდე ვერც ერთი თავმოყვარე მთავრობა, ვერც ერთი თავმოყვარე მინისტრი, ვერც ერთი თავმოყვარე პრემიერ-მინისტრი და ვერც ერთი მისი მბრძანებელი საქართველოს ვერ გააჩუმებს", - აღნიშნა გაბაშვილმა.