ოთარ დანელია მისი მოადგილის ცემას გამორიცხავს

ოთარ დანელია მისი მოადგილის ცემას გამორიცხავს

ცემის ფაქტი რომ ყოფილიყო,  საქმე იქნებოდა აღძრული, ვინაიდან საქმე არ არის აღძრული, სავარაუდოდ, ამასთან არ გვაქვს საქმე, - ეს განცხადება სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ დანელიამ რესპუბლიკურ საავადმყოფოში წუხელ, გვიან ღამით გააკეთა, სადაც მისი მოადგილე დავით გალეგაშვილი ქალა-ტვინის დახურული ტრავმით კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფება.

მინისტრის ინფორმაციით, დავით გალეგაშვილი საავადმყოფოში ხუთშაბათს მიიყვანეს. "მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა, მინდა ვთხოვო ყველა მედიასაშუალებას, ნუ შეიყვანენ საზოგადოებას შეცდომაში და გადაუმოწმებელ ინფორმაციას ნუ გაავრცელებენ. საზოგადოებამ მიიღო არასწორი ინფორმაცია, ეს შემთხვევა არ მომხდარა დღეს, მოხდა წუხელ. დავით გალეგაშვილს აღენიშნება თავზე დაზიანება, რომელიც სავარაუდოდ დაცემის შემდეგ მიიღო და სხვა გარემოებაზე საუბარი არ არის, - განაცხადა დანელიამ. 

სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე დავით გალეგაშვილი თავის ტრავმით რესპუბლიკურ საავადმყოფოში იმყოფება.

როგორც "ინტერპრესნიუსს" სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, შემთხვევა ხუთშაბათს მოხდა, დავით გალეგაშვილი, წაიქცა, რის შედეგადაც თავი დაარტყა და ამჟამად კომაშია. "ის მთელი დღის განმავლობაში ექიმების დაკვირვების ქვეშ იმყოფება. ექიმების ინფორმაციით, მისი მდგომარეობა უმჯობესდება", - აღნიშნეს პრესსამსახურში.

თუმცა, ვრცელდება ინფორმაცია, რომ დავით გალეგაშვილი ნაცემია, რასაც პრესსამსახურში კატეგორიულად უარყოფენ.