ირაკლი ალასანია - პარლამენტში

ირაკლი ალასანია - პარლამენტში "ნაციონალური ოცნების" უმრავლესობა შეიქმნა

"ნაციონალური მოძრაობის" ლობირებაზე ჩვენს მიმართ გამოთქმული ბრალდებები კომიკურია იმის ფონზე, როცა პარლამენტში "ნაციონალური ოცნების" უმრავლესობა შეიქმნა, - ამის შესახებ "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერმა ირაკლი ალასანიამ გადაცემა "რეაქციაში" განაცხადა, რითაც მისი მისამართით პრემიერის ბრალდებას გამოეხმაურა იმის თაობაზე, რომ თავდაცვის მინისტრად მუშაობის პერიოდში განხორციელებული უცხოური ვიზიტების დროს ის "ნაციონალურ მოძრაობას" ლობირებდა. 

როგორც ალასანიამ განმარტა, უცხოელ პარტნიორებთან საუბარი უშუალოდ საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებასთან დაკავშირებულ საკითხებზე ჰქონდა. 

"აბსურდზე როგორ შეიძლება საუბარი?! თავდაცვის მინისტრი როგორ შეიძლება ლობირებდეს რომელიმე პოლიტიკურ ძალას?! ჩემი ყველა ვიზიტის დროს მე საუბარი მქონდა საქართველოს თავდაცვის გაძლიერებაზე. მე არც მანდატი მქონდა და რა თქმა უნდა, არც სურვილი რაიმე სხვაზე მელაპარაკა. ჩემი სურვილი იყო, კონკრეტულად თავდაცვისუნარიანობის ამაღლება. ჩვენი მისამართით ბრალდება კიდევ უფრო კომიკური ხდება, როცა პარლამენტში შეიქმნა "ნაციონალური ოცნების" ფრაქცია და უმრავლესობა. ეს აბსოლუტურად აუხსნელია. ამის შემდეგ ბრალდების ჩვენი მისამართით თქმა არის არა მარტო უსამართლო, არამედ კომიკურიც", - აღნიშნა ირაკლი ალასანიამ. 

რაც შეეხება იმას, რამდენად შესაძლებელია "თავისუფალმა დემოკრატებმა" "ნაციონალურ მოძრაობასთან" ითანამშრომლოს, ალასანია აღნიშნულს კატეგორიულად გამორიცხავს. "აბსოლუტურად გამორიცხულია, ჩვენ ფუნდამენტური განსხვავებები გვაქვს", - განაცხადა მან.