დავით ბაქრაძემ

დავით ბაქრაძემ "ნაციონალური მოძრაობის" მიერ დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა

საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა დავით ბაქრაძემ "ნაციონალური მოძრაობის" მიერ დაგეგმილ დღევანდელ აქციასთან დაკავშირებით გუშინ განცხადება გააკეთა. 

როგორც ბაქრაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, აქციაზე საზოგადოებამ კიდევ ერთხელ უნდა მიაწვდინოს ხმა საერთაშორისო თანამეგობრობას, რომ ქვეყნის ანექსია გრძელდება, რომ ამასთან დაკავშირებით ხელისუფლება ისევ დუმს. 

"დღეს, როდესაც რუსეთის მხირდან აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების, საბოლოოდ, დოკუმენტალურად ანექსირების მცდელობაა, მთელი მსოფლიოს ყურადღება მიპყრობილია უკრაინაზე და საქართველოს კუთხეების ანექსირებაზე არავინ საუბრობს. დუმს საქართველოს ხელისუფლება და დუმს საერთაშორისო თანამეგობრობაც. ჩვენ გვინდა მოვუწოდოთ, ვისაც არ სურს ასეთ სიჩუმეში საქართველოს გამოგლიჯონ ძირძველი რეგიონები, მოვიდნენ და პროტესტი გამოთქვან. გავუგზავნოთ მთელს მსოფლიოს სიგნალი, რომ საქართველოს აქვს საფრთხე. ხვალინდელი აქცია არ არის პარტიული, ეს არის თითოეული პატრიოტი ადამიანის, რომელიც მიიჩნევს, რომ საქართველომ საკუთარი ხმა უნდა გააგონოს თანამეგობრობას. ჩვენ ისინი არ გვემეტებიან რუსეთის მხრიდან გადასაყლაპად და გასაქრობად. ხვალინდელი აქცია იქნება მშვიდობიანი, ღირსეული და პატრიოტული, ისეთი, როგორიც ეკადრება საქართველოს", - განაცხადა გუშინ დავით ბაქრაძემ. 
მისივე თქმით, 15 ნოემბერთან დაკავშირებით ზოგიერთ რეგიონში "შაბათობები" დაინიშნა, რათა აქციაზე დასწრების მსურვლებმა მოსვლა ვერ შეძლონ.