გედევან ფოფხაძემ ფრაქცია

გედევან ფოფხაძემ ფრაქცია "თავისუფალი დემოკრატები" დატოვა

"თავისუფალი დემოკრატების" წარმომადგენელი გედევან ფოფხაძე უმრავლესობაში რჩება და ფრაქცია "თავისუფალ დემოკრატებს" ტოვებს.

ამის შესახებ ფოფხაძემ განცხადება პარლამენტში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე გააკეთა. როგორც მან განმარტა, მისი გადაწყვეტილება განპირობებული იყო როგორც პიროვნული ხასიათის, ისე პოლიტიკურად მოტივირებული არგუმენტებით.

"მე მივიღე გადაწყვეტილება, რომ დავრჩე უმრავლესობაში და დავტოვო ფრაქცია "თავისუფალი დემოკრატები". ხაზგასმით ვაცხადებ, რომ "თავისუფალი დემოკრატები" არიან ჩემი მეგობრები, კარგი და ღირსეული ადამიანები და მინდა, მათ წარმატებები ვუსურვო. მინდა წარმატება ვუსურვო ირაკლი ალასანიას, რომელიც არის საქართველოს პოლიტიკისთვის ძალიან ღირებული პიროვნება, თუმცა ამის მიუხედავად მიმაჩნია, რომ ჩემი ადგილი არის უმრავლესობაში. ეს გადაწყვეტილება განპირობებულია ბევრი არგუმენტით, როგორც პიროვნული ხასიათის, ისე პოლიტიკურად მოტივირებული არგუმენტებით. მეორე მხარესაც ჩემი მეგობრები არიან და რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მიმეღო, პიროვნულად მაინც ვიხლიჩებოდი", - განაცხადა ფოფხაძემ.

დეპუტატის თქმით, საბოლოო გადაწყვეტილება იმ პოლიტიკური პრიორიტეტების გათვალისწინებით მიიღო, რაც საბოლოო ჯამში, უფრო ღირებულად ჩათვალა.

"მიმაჩნია, რომ სხვა შემთხევაში უნდა მიმეღო ემოციური და დაუფიქრებელი გადაწყვეტილება, მაგრამ მე ის ემოციური განწყობა, რაც იყო "თავისუფალ დემოკრატებში", არ გადმომედო და ვერ გავიზიარე. ჩავთვალე, რომ საჭირო იყო უფრო მშვიდად და წყნარად მიმეღო გადაწყვეტილება. მგონია, რომ მე და ჩემი მეგობრები "თავისუფალი დემოკრატებიდან" მხოლოდ ემოციურად უნდა დავშორდეთ ერთმანეთს და არა ღირებულებებით და შეხედულებებით. მე უნდა დავრჩე უმრავლესობაში, მგონია, რომ ეს ის შემთხვევაა, როდესაც ვინც ბრაზობს, ის არის მტყუანი", - განაცხადა გედევან ფოფხაძემ.