ირაკლი ალასანიას განცხადებით, „მართალი კაცები, ვისაც სახე აქვთ, სახეს არ კარგავენ“.

ირაკლი ალასანიას განცხადებით, „მართალი კაცები, ვისაც სახე აქვთ, სახეს არ კარგავენ“.

ასე უპასუხა თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა პრემიერ-მინისტრის მხრიდან მისი მისამართით გამოთქმულ იმ კრიტიკას, როდესაც ღარიბაშვილმა ალასანიას ავანტიურისტი, უჭკუო და ამბიციური მინისტრი  უწოდა.

„ჩემთვის გულდასაწყვეტია ის, რომ პრემიერ-მინისტრი ყველანაირ კორექტულობას გასცდა. ჩემი აზრით, მართალი კაცები, ვისაც სახე აქვთ, ისინი სახეს არ კარგავენ. ამ შემთხვევაში პრემიერ-მინისტრმა სახე დაკარგა. ერთს ვიტყვი, რომ მე მაინც ბუნებრივია, მეძვირფასება ის ერთად განვლილი პერიოდი და ბუნებრივია, მე მადლიერი ვარ იმისი, რაც ერთად გავაკეთეთ. მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკამ და იმ ნაბიჯებმა, რაც პროკურატურამ გადადგა, ჩვენი გზები გაყო, თუმცა, ყველას მოვუწოდებ, რომ კორექტულობის ფარგლებში დარჩნენ. მგონია, რომ ჩვენი პრემიერ-მინისტრის მხრიდან სახის დაკარგვა ქვეყანას კარგს არაფერს მოუტანს“, - განაცხადა ალასანიამ.

ირაკლი ალასანიას თქმით, ის პრემიერს იმავეთი ვერ უპასუხებს, რადგან ინსტიტუციებს სცემს პატივს.

„აქედან გამომდინარე, მე მინდა მას მოვუწოდო, რომ მეორეჯერ ასეთი რამ აღარ გააკეთოს. უბრალოდ, ეს არის არასწორი საზოგადოების მიმართ, ჩემს მიმართ და ბუნებრივია, თავის კოლეგების მიმართ, რომელთა მხრიდანაც დარწმუნებული ვარ, დღევანდელი მისი განცხადება პოზიტიურად არ აღიქმებოდა“, - განაცხადა ალასანიამ.

რაც შეეხება მასალების გამოქვეყნებას, რომელთა შესახებაც პრემიერი საუბრობდა, ირაკლი ალასანიას თქმით, „მათ რაც უნდათ, ის აკეთონ“.

„ბოლო პერიოდში პროკურატურას მუქარის მეტი არაფერი გაუკეთებია. სამწუხაროდ, ღარიბაშვილი იგივეს აგრძელებს“, - აღნიშნა ალასანიამ.

რაც შეეხება პარტია „თავისუფალი დემოკრატების“ სამომავლო გეგმებს, ირაკლი ალასანიას თქმით, აღნიშნულთან დაკავშირებით 8 ნოემბერს, პარტიის ყრილობაზე გახდება ცნობილი.