რუსეთის სახელმწიფო დუმაში შესულია კანონი, რომელიც ფედერაციის ტერიტორიაზე აშშ დოლარის ბრუნვასა და შენახვას კრძალავს. დოკუმენტის დამტკიცების შემთხვევაში რუსეთის მოქალაქეები ვალდებულნი იქნებიან, ერთი წლის განმავლობაში დახურონ დოლარში გახსნილი ანგარიშები რუსეთის ბანკებში, ხოლო დოლარები, რომლებსაც ინახავენ, რუბლზე ან სხვა ქვეყნის ვალუტაზე (ევრო, გირვანქა სტერლინგი, იუანი და ა.შ.) გადაცვალონ.
ერთი წლის გასვლის შემდეგ დოლარის ანგარიშებს ავტომატურად დახურავენ, საგადასახადო, საბაჟო თუ სამართალდამველი ორგანოების წარმომადგენელთა მიერ აღმოჩენილი დოლარები კი ამოღებული იქნება.
თუმცა, ამოღებული დოლარების ღირებულება მაინც ანაზღაურებული იქნება 30 დღის განმავლობაში.
კანონის ძალაში შესვლის შემდეგ დოლარების „ხელზე“ შეძენა რუსეთის ტერიტორიაზე შეუძლებელი იქნება, ხოლო უნაღდო ანგარიშსწორებით დოლარების შეძენის შემთხვევაში აუცილებელი იქნება ასეთი საჭიროების დადასტურება. საპატიო მიზეზი იქნება, მაგალითად, უცხოეთში წასვლა. თუმცა ეს დაშვებაც იმ ქვეყნების შემთხვევაში იმოქმედებს, სადაც საკუთარი ვალუტა არ აქვთ, ხოლო მათთვის, ვინც მაგალითად ევროკავშირის ქვეყნებში მიდის, ევროც საკმარისი იქნება.
„ტურისტებისა და სამსახურეობრივი მივლინებით უცხოეთში მიმავალი მოქალაქეებისთვის დოლარის შეძენა ხშირად ჩვევაა ვიდრე აუცილებლობა,“ – ნათქვამია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.
ევროკავშირის გარდა, „დოლარის განთავსების მაღალი დონის მქონე ქვეყნებს შორის“, სადაც მგზავრობის შემთხვევაში დოლარის რუსეთში შეძენას აზრი არ აქვს, რუსი კანონმდებლები ევროკავშირის ქვეყნების გარდა ასახელებენ აფხაზეთს, სამხრეთ ოსეთსა და საქართველოს.
განმარტებით ბარათში ასევე აღნიშნულია, რომ რუსეთის ტერიტორიაზე ამერიკული დოლარის თავისუფალი გავრცელება ხელს უშლის რუბლის პოპულარიცაზიას და მის მსოფლიო სარეზერვო ვალუტად ქცევას. კანონპროექტის ავტორები ასევე ქვეყნისთვის რისკის შემცველად მიიჩნევენ დანაზოგის დოლარში შენახვას.
ამასთან, კანონპროექტის ავტორები აცხადებენ, რომ შეზღუდვები არ გავრცელდება რუსეთის ცენტრალური ბანკის, მთავრობის, საგარეო საქმეთა, თავდაცვის სამინისტროებისა და უშიშროების სამსახურის მიერ განხორციელებულ სავალუტო ოპერაციებზე
შეგახსენებთ, რომ 2013 წლის აგვისტოში სირიის პრეზიდენტმა ბაშარ ასადმა ხელი მოაწერა ბრძანებულებას რესპუბლიკის ტერიტორიაზე ფინანსურ ოპერაციებში უცხოური ვალუტის გამოყენების აკრძალვის შესახებ.
გამყიდველებს, რომლებიც ამ კანონს დაარღვევენ, 10–წლიანი პატიმრობა და სერიოზული ჯარიმა ემუქრება.
წყარო – rbc.ru