ვიქტორ დოლიძე:  პრემიერს პოლიტიკური სიმწიფე აკლია

ვიქტორ დოლიძე: პრემიერს პოლიტიკური სიმწიფე აკლია

"პრემიერს პოლიტიკური სიმწიფე აკლია", - ასე გამოეხმაურა "თავისუფალი დემოკრატების" წევრი ვიქტორ დოლიძე პრემიერის განცხადებას, სადაც ირაკლი ღარიბაშვილი თავდაცვის მინისტრის პოსტიდან გადაყენებულ ირაკლი ალასანიას "ავანტიურისტს", "უჭკუოსა" და "ამბიციურს" უწოდებს.

ვიქტორ დოლიძის შეფასებით, ირაკლი ღარიბაშვილის ქცევა არაკონსტრუქციული იყო და ეს მასზე ცუდად აისახება.

რაც შეეხება "ნაციონალურ მოძრაობასთან" ურთიერთობას, ვიქტორ დოლიძემ "ნაციონალურ მოძრაობასთან" ყველანაირი სახის კავშირი უარყო და პრემიერს სამომავლოდ ანალიზის გაკეთებისკენ მოუწოდა.

"ნაციონალურ მოძრაობასთან" ჩვენი ფუნდამენტური განსხვავებების გამო არანაირი კავშირი არ გვექნება, ღმერთმა დაგვიფაროს. მე პრემიერს ვურჩევდი მომავალში რიტორიკა შეარჩიოს და ანალიზი გააკეთოს ვის და რა თემებზე მიმართავს. პოლიტიკური სიმწიფე პირადად მას წაადგება", - განაცხადა ვიქტორ დოლიძემ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თავდაცვის მინისტრის პოსტიდან გადაყენებულ ირაკლი ალასანიას "ავანტიურისტი", "უჭკუო" და "ამბიციური" დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში მინისტრებთან შეხვედრისას უწოდა. პრემიერმა ალასანია "ნაციონალური მოძრაობის" ლობირებაშიც დაადანაშაულა.

"მინდა გავიხსენო, რომ ერთადერთი მინისტრი, რომელიც ღიად ლობირებდა და მფარველობდა "ნაციონალებს" იყო ირაკლი ალასანია, დაწყებული გიგი უგულავათი, ბოკერიათი. ასე რომ, ჩემში ყველა კითხვას აქვს პასუხი", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.