დაასაბუთონ, რა წვდომა აქვთ საგანელიძეს და დანარჩენებს თავდაცვის სამინისტროს თანამშრომელების საქმესთან

დაასაბუთონ, რა წვდომა აქვთ საგანელიძეს და დანარჩენებს თავდაცვის სამინისტროს თანამშრომელების საქმესთან

თავდაცვის სამინისტროს მაღალი თანამდებობის პირების ადვოკატები პოლიტიკოსებს მათი დაცვის ქვეშ მყოფების მიმართ უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევაში ადანაშაულებენ და ყველა განცხადების შესწავლას გეგმავენ.

როგორც ადვოკატებმა ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადეს, რეაგირების მიზნით, აღნიშნულ განცხადებებს ევროსასამართლოს აცნობებენ.

ადვოკატი ლევან სამუშია საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის დავით საგანელიძის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც ის მასალებს იცნობს.

"საგანელიძემ გუშინ განაცხადა, რომ დეტალებში წაიკითხა საქმის მასალები, მან ლამის ფინანსური ხარჯთაღრიცხვა წარმოგვიდგინა. გასაკვირია, როდესაც მე, როგორც დაკავებულების ადვოკატი ვცდილობ კანონის შესაბამისად გადმომეცეს საქმის მასალები, თურმე პოლიტიკოსები საჯაროდ ეცნობიან ამ საქმეს. მათ წვდომა არ აქვთ საიდუმლო მასალებთან. თუ ეს ასე მოხდა, ჩადენილია სისხლის სამართლის დანაშაული, ვინაიდან პირს არა თუ მასალების გაცნობა და წარდგენა, თქმის უფლებაც კი არ აქვს ისეთი პირისთვის, ვისაც წვდომა არ აქვს საქმის მასალებთან", - განაცხადა ლევან სამუშიამ.

მისი თქმით, მასალების გაცნობის უფლება არ აქვს არც პრემიერ-მინისტრს, რომელიც პროცესის მონაწილე არ არის.

"უნდა დაასაბუთონ, რა წვდომა და რა შეხება აქვთ საგანელიძეს და დანარჩენებს ამ სისხლის სამართლის საქმესთან. ირღვევა დაცვის უფლება, პროკურატურა განზრახ არ გვაძლევს საქმის მასალებს, რომ სრულად ვერ განვახორციელოთ დაცვა. საგანელიძესა და სხვა პოლიტიკოსებს განზრახ აწვდიან დამახინჯებულ ინფორმაციას და შესაბამისად, ისინიც ავრცელებენ. არ მინდა დავიჯერო, რომ განზრახ ავრცელებენ პოლიტიკოსები ცრუ ინფორმაციას ", - განაცხადა სამუშიამ.

ადვოკატ სოსო ბარათაშვილის განმარტებით კი, პოლიტიკოსს შეუძლია თავისი აზრი გამოთქვას, გარკვეულ საქმესთან დაკავშირებით, თუმცა ეს უნდა იყოს ნეიტრალური, რათა არ მოხდეს არც სასამართლო ორგანოს, არც საგამოძიებო ორგანოს და არც საზოგადოების შეცდომაში შეყვანა.

"ამ შემთხვევაში, სახეზეა უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევა, ეს არის ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის დარღვევა. მოვუწოდებ ყველას, განსაკუთრებით ხელისუფლების და საგამოძიებო ორგანოების წარმომადგენლებს, თავი დავანებოთ აღნიშნული საქმის კიდევ უფრო მეტად პოლიტიზირებას, მოვაქციოთ ეს საქმე სამართლებრივ ჩარჩოში", - განაცხადა ადვოკატმა სოსო ბარათაშვილმა.

მისი თქმით, ადვოკატები თითეულ განცხადებას შეისწავლიან.

"ჩვენ ამას მივცემთ სათანადო შეფასებას, ეს ცნობილი გახდება ევროპული სასამართლოსთვისაც. სულხან მოლაშვილთან დაკავშირებით, ევროსასამართლოს გადაწყვეტილებაში საუბარია უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევის კონკრეტულ ფაქტებზე. ძალიან მინდა, რომ დღევანდელმა ხელისუფლებამ არ გაიმეოროს ის შეცდომები, რომლებსაც უშვებდა წინა ხელისუფლება, როდესაც, არაობიექტურად, არასამართლიანად ავრცელებდნენ ინფორმაციებს, რამაც მოლაშვილსი საქმეზე ზეგავლენა მოახდინა ", - განაცხადა ბარათაშვილმა.

ამასთან, ადვოკატი კახი კალაძის განცხადებას ეხმაურება, რომლის მიხედვით, თავდაცვის სამინისტროს თანამდებობის პირების საქმეზე გრიფის მოხსნაზე პრემიერ-მინისტრი დასთანხმდა.

"ცხადია, ეს არის კარგი ინფორმაცია, მაგრამ ეს არ არის პრემიერ-მინისტრის ფუნქცია, არამედ გრიფის მოხსნა შსს-ს ფუნქციაა და ამაშიც საჭიროა კანონის დაცვა", - განაცხადა სოსო ბარათაშვილმა.

მთავარმა პროკურატურამ თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნები 28 ოქტომბერს დააკავა. მათ ბრალად სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი 4 102 872 ლარის გაფლანგვა ედებათ. დაკავებულნი არიან: საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი გიზო ღლონტი; შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის კავშირგაბმულობისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსი ნუგზარ კაიშაური; სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის სამმართველოს უფროსი გიორგი ლობჟანიძე; სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი არჩილ ალავიძე და შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის კავშირგაბმულობისა და ინფორმაციული სისტემების დეპარტამენტის სამმართველოს უფროსი დავით წიფურია.