თავდაცვის სამინისტროს მაღალი თანამდებობის პირების ადვოკატები პროკურატურას მხარეთა შეჯიბრებითობის რღვევაში ადანაშაულებენ.
დაკავებულების ადვოკატებმა დღეს, ერთობლივი ბრიფინგი გამართეს, სადაც საქმეზე გრიფის მოხსნა და მასალების გადაცემა კიდევ ერთხელ მოითხოვეს.
ადვოკატ სოსო ბარათაშვილის განცხადებით, მხარეთა თანასწორობა და შეჯიბრებითობა პროცესის განსახორციელებლად უმნიშვნელოვანესი პრინციპია სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მონაწილეებისათვის.
"ბრალდებისა და დაცვის მხარეებს თანაბრად უნდა მიუწვდებოდეთ ხელი საქმის მასალებზე. მოცემულ შემთვევაში თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპი დარღვეულია, აღკვეთის ღონისძიების შეფარდების, გაგრძელების, მხარეთა დაკავების შემდეგ, დაცვის მხარეს ხელი არ მიუწვდება მტკიცებულებებზე, ბრალდების მხარე უარს ეუბნება მას საქმის მასალების ასლების გადმოცემაზე. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ათეულობით გადაწყვეტილება არსებობს, სადაც იმ შემთხვევაში თუ, წინასწარ გამოძიებაში, დაცვის მხარეს ხელი არ მიუწვდება სისხლის სამართლის საქმეზე, ასეთ შემთხვევაში დარღვეულად ითვლება კონვენციის მე-5 მუხლის მე-4 პუნქტი, ხოლო თუ სასამართლოზეც არ მიუწვდება ხელი, ასეთ შემთხვევაში დარღვეულად ჩაითვლება კონვენციის მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის დ ქვეპუნქტი", - განმარტა ბარათაშვილმა.
მისი თქმით, დაცვის მხარემ ვერ შეძლო მტკიცებულებებზე თავისი პოზიციის ჩამოყალიბება და მხარეები აღმოჩნდნენ აბსოლუტურად არათანაბარ მდგომარეობაში.
რაც შეეხება გასაიდუმლოებულ დოკუმენტებს, ადვოკატი განმარტავს, რომ თავდაცვის სამინისტრომ, რომელმაც თავის დროზე მასალები გაასაიდუმლოა, კანონის მიხედვით, საიდუმლოს მოხსნაზე, შსს-ს უნდა მიმართოს შესაბამისი განცხადებით, ხოლო შსს-მ მასალებს მოხსნას გრიფი.
"თავდაცვის სამინისტრომ უკვე 2-ჯერ მიმართა შსს-ს, მაგრამ შსს-მ მოითხოვა ყველა ის მასალა, რომლიდანაც უნდა მოხსნილიყო საიდუმლო გრიფი. აღმოჩნდა, რომ აღნიშნული მასალები პროკურატურამ გამოითხოვა შსს-დან. პროკურატურა აყოვნებს მასალების მიწოდებას. წინასასამართლო სხდომა დაკავებულების საქმეზე 11 დეკებმერს არის ჩანიშნული, დღეს უკვე 6 ნოემბერია, დაცვის მხარე მოკლებულია შესაძლებლობას, რომ მოემზადოს სრულფასოვნად აღნიშნული პროცესისათვის, აქედან გამომდინარე, სრულად არის დარღვეული ევროპული კონვენციის მე-5 მუხლის მე-4 პუნქტი და 83-ე მუხლი", - განაცხადა სოსო ბარათაშვილმა.
მთავარმა პროკურატურამ თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნები 28 ოქტომბერს დააკავა. მათ ბრალად სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი 4 102 872 ლარის გაფლანგვა ედებათ.
დაკავებულნი არიან: საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი გიზო ღლონტი; შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის კავშირგაბმულობისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსი ნუგზარ კაიშაური; სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის სამმართველოს უფროსი გიორგი ლობჟანიძე; სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი არჩილ ალავიძე და შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის კავშირგაბმულობისა და ინფორმაციული სისტემების დეპარტამენტის სამმართველოს უფროსი დავით წიფურია.