თამბაქოს ნაწარმზე და ალკოჰოლურ სასმელებზე აქციზის გადასახადი იზრდება

თამბაქოს ნაწარმზე და ალკოჰოლურ სასმელებზე აქციზის გადასახადი იზრდება

2014 წლის ბიუჯეტის პროექტის პარამეტრები პირვანდელ ვარიანტთან შედარებით 170 მილიონი ლარით არის გაზრდილი.

ბიუჯეტის ზრდის წყაროს საგადასახადო შემოსავლები წარმოადგენს, კერძოდ, იზრდება აქციზის გადასახადი თამბაქოს ნაწარმზე და ალკოჰოლურ სასმელებზე. პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის ნოდარ ებანოიძის ინფორმაციით, თამბაქოს ნაწარმთან დაკავშირებით მიდგომა დიფერენცირებული იქნება.

"დაბალი ხარისხის სიგარეტებზე ფასი დაახლოებით 5 თეთრით გაიზრდება და რაც უფრო მაღალი იქნება სიგარეტის ხარისხი, მით უფრო მეტი იქნება ზრდაც", - აღნიშნა "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას ნოდარ ებანოიძემ.

გარდა ამისა, პარლამენტში წარდგენილი კორექტირებული ბიუჯეტის თანახმად იზრდება რიგი სახელმწიფო უწყებების ასიგნებები. პირვანდელ ვარიანტთან შედარებით 15-15 მილიონი ლარით იზრდება თავდაცვისა და შს სამინისტროს დაფინანსება, 10 მილიონი ემატება ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს, დაახლოებით 25 მილიონით იზრდება განათლების სამინისტროს ასიგნებები, 3 მილიონით – გარემოს დაცვის სამინისტროს დაფინანსება, 2,5 მილიონით დაზვერვის დაფინანსება, ხოლო 45 მილიონით ინფრასტრუქტურის სამინისტროს ასიგნებები.

ბიუჯეტის გადამუშავებული ვარიანტი პარლამენტში გუშინ შევიდა. მისი განხილვა ნოემბრის შუა რიცხვებში პლენარულ სხდომაზე მოხდება. ამის შემდეგ ბიუჯეტის პროექტი მთავრობას კიდევ ერთხელ დაუბრუნდება უკან და საბოლოოოდ მას პარლამენტი დეკემბრის ბოლოს დაამტკიცებს.