"თავისუფალ დემოკრატებს" არ გამოუცხადებიათ, რომ ისინი ქვეყნის ოპოზიციაში წავიდნენ

მე არ ვიცნობ "თავისუფალ დემოკრატებში" ისეთ ხალხს, რომლებიც ახირების გამო იწყებენ ბრძოლას ვინმესთან, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა პარლამენტში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

პარლამენტის თავმჯდომარემ შეაფასა თუ როგორ წარიმართება პროცესები "თავისუფალი დემოკრატების" მხრიდან კოალიციის და საპარლამენტო უმრავლესობის დატოვების შემდეგ. უსუფაშვილის დარწმუნებულია, რომ ბევრ საკითხზე გადაწყვეტილების მიღება "თავისუფალი დემოკრატების" მონაწილეობით მოხდება.

"თავისთავად ის ფაქტი, რომ კოალიციურ მუშაობას გამოაკლდა "თავისუფალი დემოკრატები" და მათი საპარლამენტო ფრაქცია, რა თქმა უნდა, ეს არის პარლამენტში გადაწყვეტილებების მიღების შემაფერხებელი, მაგრამ "თავისუფალ დემოკრატებს" არ გამოუცხადებიათ, რომ ისინი სახელმწიფოს და ქვეყნის ოპოზიციაში წავიდნენ. დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან ბევრ საკითხებზე მათი თანამონაწილეობით მივიღებთ გადაწყვეტილებებს. მე, არ ვიცნობ იქ ისეთ ხალხს, რომლებიც ახირების გამო იწყებენ ბრძოლას ვინმესთან. კონკრეტულ საკითხებზე დღემდეც ყოფილა, რომ კოალიციის შიგნით შემავალ პარტიებს თუ პოლიტიკოსებს განსხვავებული პოზიციები გვაქვს", - განაცხადა უსუფაშვილმა.

მისივე თქმით, "თავისუფალი დემოკრატების" უმრავლესობიდან გასვლით კარგი არაფერი მომხდარა, მაგრამ არც ისე კატასტროფული, რომ პარლამენტი პარალიზებული იყოს.

"ეს პარლამენტი ისედაც გამოირჩეოდა სიჭრელით უწინდელ პარლამენტებთან შედარებით. ეს, ვის და მე კარგად მომეხსენება, თუ რის ფასად ჯდება არა მხოლოდ კანონზე, არამედ ნებისმიერ საკითხზე გადაწყვეტილების მიღება. ერთი პრობლემით მეტი დაგვემატა ყველას ერთად, მაგრამ ამას უნდა გავუმკლავდეთ, ეს არის პოლიტიკური ცხოვრება", - აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.

მისივე თქმით, "თავისუფალი დემოკრატების" თანამდებობების საკითხი პარლამენტში გადაწყდება რეგლამენტით და არა გაბრაზების მიხედვით.

"რაც შეეხება თანამდებობებს, კომიტეტის თავმჯდომარეების და ვიცე-სპიკერის საკითხი - ცოტა განსხვავებული თემებია. ეს ყველაფერი გადაწყდება რეგლამენტის შესაბამისად და არა პოლიტიკური გაბრაზების მიხედვით. ამას პროცესი გვაჩვენებს თუ როგორ წავა პროცესი. ავტომატურად კომიტეტების თავმჯდომარეების გადადგომას მიმდინარე პროცესები არ ითვალისწინებს. მათ განაცხადეს, რომ სურთ გააგრძელონ მუშაობა დაკავებულ თანამდებობებზე. ასე რომ, ეს საკითხი არა მგონია ახლო პერიოდში პარლამენტში იყოს აქტუალური საკითხი", - განაცხადა უსუფაშვილმა.

მისივე თქმით, ვინ ტოვებს და ვინ არა უმრავლესობას, ამ არითმეტიკულ საკითხებზე შემდგომ უნდა ისაუბრონ.

"პარლამენტში არსებობდა დღემდე და არსებობს ფორმალური და არაფორმალური უმრავლესობა. არაფორმალური უმრავლესობა მნიშვნელოვნად აღემატება ფორმალურ უმრავლესობას. მას შემდეგ რაც გაირკვევა ზუსტად ვინ და რა პერიოდში ტოვებს უმრავლესობას, ამ არითმეტიკულ საკითხებზე ჯობია, მერე ვისაუბროთ", - განაცხადა უსუფაშვილმა.