პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი მიიჩნევს, რომ რაც ბოლო პერიოდში საქართველოში მოხდა ქვეყნისთვის კარგი არ არის , თუმცა რამდენიმე კვირაში ყველაფერი გაირკვევა.
"ნამდვილად არ ვფიქრობ, რომ რაიმე ემსგავსება უკრაინას. რაც მოხდა არ იყო სასურველი. ჩვენი მეგობრები ამერიკის შეერთებული შტატებიდან და სხვაგანაც ღიად, მეგობრულად მიგვანიშნებენ იმაზე, რომ ამდაგვარ სკითხებს უნდა გავუმკლავდეთ უკეთ. ამ ნაწილში შეუძლებელია არ დავეთანხმოთ ჩვენს კოლეგებს ვაშინგტონიდან და სხვა ქვეყნებიდან, რომლებიც გარკვეული შეშფოთებით ადევნებდნენ თვალს განვითარებულ მოვლენებს. ამას ხელი შეუწყო გაკეთებულმა განცხადებებმა, კითხვა-პასუხმა თუ საპასუხოდ გაკეთებულმა რეაქციებმა. ეს არ არის კარგი ქვეყნისთვის, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რამდენიმე დღეში, რამდენიმე კვირაში გაირკვევა ყველასთვის - კონკრეტული მოქმედებებით, კონკრეტული გადაწყვეტილებებით, კონკრეტული ნაბიჯებით საქართველოს მთავრობის, ახალი მინისტრების მხრიდან, ზოგადად ქვეყნის პოზიციების განმსაზღვრელი ადამიანების თუ ორგანოების მხრიდან და ეს შეშფოთება გაივლის", - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ დღეს გამართულ ბრიფინგზე.
"ქვეყანაში ხდება გარკვეული ცვლილებები, ზოგჯერ მთავრობის შეცვლაც ხდება და მთავრობის წევრისაც, არის არჩევნები და რიგგარეშე არჩევნები, მაგრამ ეს ყველაფერი არის ნორმალური პოლიტიკური პროცესის შემადგენელი ნაწილი. არავის და არაფერს საფრთხე არ ემუქრება, არც ინვესტიციებს არც მოქალაქეების ჩამოსვლას და არც ჩვენ პარტნიორებთან პარტნიორულ ურთიერთობას და არც ჩვენს მიერ ნაკისრ ვალდებულებებს", - განაცხადა უსუფაშვილმა და მაგალითად ამერიკის შეერთებული შტატები მოიყვანა. მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ რესპუბლიკელებმა სენატში უმრავლესობა მიიღეს, ამის გამო არავის ექმნება განცდა, რომ ამერიკაში დაიწყება ცუდი პროცესები. " ჩვენც უნდა ჩავდგეთ იმ ქვეყნების რიგში, სადაც პოლიტიკური მოვლენები არის ცივილურ და კონსტიტუციურ ჩარჩოში", - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.