პრემიერის მიერ ირაკლი ალასანიას მისამართით გაკეთებულ განცხადებაზე კომენტარს არ აკეთებს

პრემიერის მიერ ირაკლი ალასანიას მისამართით გაკეთებულ განცხადებაზე კომენტარს არ აკეთებს

პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი საქართველოს პრემიერის მიერ ირაკლი ალასანიას მისამართით გაკეთებულ განცხადებაზე კომენტარს არ აკეთებს.

"ეს კითხვა დასვით სათანადო შენობაში და სათანადო რესპონდენტთან, - ასე უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარემ ჟურნალისტის შეკითხვას, რომელიც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მხრიდან ირაკლი ალასანიას მიმართ გაკეთებულ შეფასებას შეეხებოდა.

როგორც დავით უსუფაშვილმა განაცხადა, ის რაც მოხდა იყო უკიდურესად არასასურველი.

"ეს კითხვა დასვით სათანადო შენობაში და სათანადო რესპონდენტთან. ჩემი შეფასებები მოგახსენეთ, იმის თაობაზე, რომ ის რაც მოხდა, იყო უკიდურესად არასასურველი, ის გადაწყვეტილებები, რაც იქნა მიღებული ძირითადი მოთამაშეების მხრიდან იყო ნაჩქარევი, ის განცხადებები, რომ ქვეყანას ემუქრება რაიმე საფრთხე რაიმე კურსის შეცვლის ან რაიმე პრობლემების, უსაფუძვლოა. ქვეყანაში არის ბევრი საკითხი და ეს პრობლემები ერთად უნდა მოვაგვაროთ", - განაცხადა უსუფაშვილმა.

ჟურნალისტებმა პარლამენტის თავმჯდომარეს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ სთხოვეს გამოეხატა თავისი პოზიცია, პრემიერ-მინისტრის განცხადებასთან დაკავშირებით, თუმცა დავით უსუფაშვილმა ამ თემაზე არ ისაუბრა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი თავდაცვის მინისტრის პოსტიდან გადაყენებულ ირაკლი ალასანიას "ავანტურისტს", "უჭკუოსა" და "ამბიციურს" უწოდებს.

"ჩვენ გვეყოლება მყარი უმრავლესობა პარლამენტში და მთავრობა გააგრძელებს კიდევ უფრო ეფექტურად მუშაობას. მეორე მხრივ, ცუდიც არ არის, ის, რომ მალე მოხდა ასეთი მოღალატე ადამიანების ჩამოშორება ჩვენი გუნდიდან, ეს უკეთესია ჩვენი ქვეყნის და ჩვენი გუნდისთვის. მათ არ ეცოდებათ ჩვენი ქვეყანა და ჩვენი ხალხი, რაც საწყენია. გუშინ რაც გააკეთეს ეს არის დამაზიანებელი ჩვენი ქვეყნისთვის. მოგვიწევს კიდევ ერთი ორი კვირა ინტენსიურად მუშაობა, რომ ყველა აბსურდული კითხვა მოვხსნათ, მაგრამ ჩვენ ამას შევძლებთ. მინდა, მოსახლეობას მოვუწოდო, რომ დამშვიდდნენ, რეალურად არაფერი ხდება - ერთი ავანტურისტი, უჭკუო და ამბიციური მინისტრი ჩამოშორდა მთავრობას, ამით ცუდიც არაფერი მომხდარა. მინდა გავიხსენო, რომ ერთადერთი მინისტრი, რომელიც ღიად ლობირებდა და მფარველობდა "ნაციონალებს" იყო ირაკლი ალასანია, დაწყებული გიგი უგულავათი, ბოკერიათი. ასე რომ, ჩემში ყველა კითხვას აქვს პასუხი", - განმარტა ღარიბაშვილმა.