ევროპის სახალხო პარტია (EPP) საქართველოს მთავრობიდან ყველა პროევროპული მინისტრის წასვლისა და პოლიტიკურად მოტივირებული დაკავებების გამო შეშფოთებას გამოთქვამს.
ევროპის სახალხო პარტია საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, აირიდონ პოლიტიკური დევნის ნებისმიერი ფორმა და პატივის სცენ ღირებულებებს, რომლებსაც ევროკავშირთან დადებული ასოცირების ხელშეკრულება მოიცავს.
"ორი წლის განმავლობაში, განმეორებითი დაპატიმრებები, სასამართლო პროცესები და დაკავებები აღძრავს სერიოზულ წუხილს შერჩევითი სამართლის გამოყენებაზე. ევროპის სახალხო პარტიამ უკვე ეს პრაქტიკა არაერთხელ დაგმო. თავდაცვის მინისტრ ირაკლი ალასანიას თანამდებობიდან გათავისუფლება, რასაც საქართველოს საგარეო პოლიტიკაზე პასუხისმგებელი თითქმის ყველა ლიდერის გადადგომა მოჰყვა და მათი შესაბამისი ბრალდებები, რომ მთავრობამ მიატოვა ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პოლიტიკა, ასევე წარმოადგენს შეშფოთების მიზეზს. ყველაფერ ამას ამძიმებს საქართველოს პრეზიდენტის განცხადება, რომელმაც ხაზი გაუსვა, რომ ქვეყანას მართავს ნებისმიერი სახის ინსტიტუციური ჩარჩოს გარეთ მყოფი პირი, რომელსაც ოფიციალური ფუნქცია არ გააჩნია. შესაძლო პოლიტიკური არასტაბილურობა, რომელიც შესაძლოა, მოჰყვეს თავდაცვის მინისტრის გათავისუფლებასა და საგარეო საქმეთა და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის მინისტრების გადადგომას, საქართველოს დესტაბილიზაციის რისკს ქმნის გადამწყვეტ მომენტში, როდესაც ევროპარლამენტში საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების რატიფიცირება მიმდინარეობს", - ნათქვამია ევროპის სახალხო პარტიის ვიცე-პრეზიდენტის იაცეკ სარიუშ-ვოლსკის განცხადებაში.
აქედან გამომდინარე, ევროპის სახალხო პარტიის ვიცე-პრეზიდენტი იაცეკ სარიუშ-ვოლსკი საქართველოს ხელისუფლებას შეახსენებს, რომ "ევროკავშირთან ასოცირების პოლიტიკა ეფუძნება ევროპული პრინციპების, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის პატივსცემას".
"ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, თავი შეიკავოს ნებისმიერი ფორმის პოლიტიკური დევნისგან. მეტიც, ჩვენ კიდევ ერთხელ ვგმობთ შერჩევითი სამართლის სისტემატურ გამოყენებას და ოპოზიციის ლიდერების წინასწარ პატიმრობებს. გამოვთქვამთ იმედს, რომ ყველა პრო-დემოკრატიული პარტია საქართველოში შეძლებს ერთად მუშაობას, რათა შეინარჩუნოს ქვეყნის ევროპული და ევრო-ატლანტიკური გეზი", - განაცხადა ევროპის სახალხო პარტიის ვიცე-პრეზიდენტმა.