საგარეო საქმეთა მინისტრის ყველა მოადგილე, დავით ზალკალიანის გარდა, თანამდებობაზე რჩება, - ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა მინისტრთა კაბინეტის წევრებთან შეხვედრაზე განაცხადა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის თქმით, არსებული ვითარების გათვალისწინებით, მათ სახელმწიფოებრივი პოზიცია დაიკავეს.
'თუნდაც ის, რომ ქალბატონ მაია ფანჯიკიძეს ჰქონდა მცდელობა დემონსტრაციულად თან გაეყოლა მისი მოადგილეები, კიდევ ერთხელ ადასტურებს მათ უპასუხისმგებლობას და უპატივცემულობას ჩვენდამი, ჩვენი გუნდისადმი. მე გუშინ შევიტყვე და დღეს დამიდასტურეს, რომ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეები, გარდა დავით ზალკალიანისა, რჩებიან ადგილებზე. მათ დაიკავეს სახელმწიფოებრივი პოზიცია. ეს ძალიან მნიშვნელოვანია', - განაცხადა პრემიერმა.
ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, საქართველო უცხოეთიდან სტუმრებს ელოდება და ჩვენი ქვეყნის სირცხვილი იქნებოდა, რომ მათ საგარეო უწყებაში არავინ დახვედროდა.
'დღესაც გვყავს უცხოეთიდან სტუმარი, ხვალაც ველოდებით ორი უცხო ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრს და სამარცხვინო იქნებოდა, რომ არავინ დახვედროდა მათ საგარეო საქმეთა სამინისტროში. ეს იქნებოდა მორიგი სირცხვილი და ჩვენი ქვეყნის ძალიან უხერხულ მდგომარეობაში ჩაყენება', - განმარტა ღარიბაშვილმა.
მაია ფანჯიკიძემ გუშინ განაცხადა, რომ თანამდებობა მოადგილეებთან ერთად დატოვა.
"მე და ჩემმა გუნდმა, რომელიც აქ არის წარმოდგენილი - დავით ზალკალიანი, თამარ ბერუჩაშვილი, ვლადიმერ გურგენიძე და ჩვენ გვიერთდება დავით ჯალაღანია, რომელიც ამჟამად კუბაში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება, გადავწყვიტეთ დავტოვოთ დაკავებული თანამდებობები. მე ასევე, ვტოვებ პოლიტიკური გაერთიანება "ქართული ოცნების" რიგებს. ჩემთვის დიდი პატივი იყო, 2 წლის განმავლობაში მემსახურა ჩემი ქვეყნისთვის. ყალბი თავდამბლობის გარეშე ვიტყვი, რომ გასული ორი წლის განმავლობაში ჩვენმა გუნდმა საგარეო-პოლიტიკურ ასპარეზზე მიაღწია შესაძლებლის მაქსიმუმს. ჩვენ ვიდექით ევროატლანტიკური ფასეულობების დასაცავად, შევქმენით ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის თვისობრივად ახალი შესაძლებლობები. ხელი მოეწერა და ამოქმედდა ასოცირების შეთანხმება, ნატომ მიიღო გადაწყვეტილება არსებითი პაკეტის შემუშავებით, წარმატებას მივაღწიეთ არაღიარების კუთხით და ორი სახელმწიფოთი შევამცირეთი აღიარებათა რიცხვი, გავზარდეთ გაეროს რეზოლუციის მხარდამჭერთა რიცხვი. ჩვენ შევძელით და ფაქტობრივად გავაქარწყლეთ ის სკეპტიციზმი საერთაშორისო პარტნიორებში, რაც ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ უკავშირდებოდა საქართველოს საგარეო კურსის ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას", - განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.