გია ხუხაშვილი - პრემიერს ალასანია რომ არ გადაეყენებინა, სამხედრო ბუნტის საფრთხე შეიძლებოდა განვითარებულიყო

გია ხუხაშვილი - პრემიერს ალასანია რომ არ გადაეყენებინა, სამხედრო ბუნტის საფრთხე შეიძლებოდა განვითარებულიყო

ექსპერტ გია ხუხაშვილის განცხადებით, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს ირაკლი ალასანია თავდაცვის მინისტრობიდან რომ არ გადაეყენებინა, სამხედრო ბუნტის საფრთხე შეიძლებოდა განვითარებულიყო. ამის შესახებ ხუხაშვილმა "რუსთავი 2"-ის გადაცემა "კურიერში" განაცხადა. 

მისი თქმით, იმ განცხადებებს, რაც ირაკლი ალასანიამ და შემდეგ ალექსი პეტრიაშვილმა და მაია ფანჯიკიძემ გააკეთეს და მძიმე ბრალდებები იყო, რეალური საფუძველი არ ჰქონდა. "ეს ჰგავდა შეთქმულების თეორიას, რაც ძალიან სამწუხაროა", - აღნიშნა ხუხაშვილმა. 

მისი თქმით, ალასანიას მიერ საკუთარი პერსონის იდენტიფიცირება ევროპულ კურსთან ფატალური შეცდომა იყო. "თუ ეს ყველაფერი ახალ პოლიტიკურ სტარტს ემსახურებოდა, ჩემი აზრით, ეს არის ძალიან ცუდი სტარტი. მისი რიტორიკა ძალიან ჰგავდა იმას, რასაც "ნაციონალები" ამ 2 წლის განმავლობაში აკეთებენ, ანუ ნებისმიერ სისხლის სამართლებრივ დევნას განიხილავს, როგორც პოლიტიკურ დევნას. მთავარ მიზეზად მოჰყავს საკუთარი დასავლური ორიენტაცია. 

გარდა ამისა, როდესაც თავდაცვის მინისტრი აკეთებს განცხადებას, რომ არის საგარეო პოლიტიკური კურსის შეცვლის საფრთხე - რა შეეძლო ამას გამოეწვია არმიაში?! იქ არიან ოფიცრები, რომლებიც არიან მოტივირებულები, რომელთა ორიენტაცია არის ნატო-სკენ და მთელი სიცოცხლე ამას მიუძღვნეს, ჩვენ რომ წარმოვიდგინოთ მოდელი - ვიღაცამ დაიჯერა თავდაცვის მინისტრის ეს განცხადება, მას შეიძლება გუშინვე გამოეწვია რაიმე ტიპის ბუნტი, რომელიმე სამხედრო ნაწილში", - განაცხადა გია ხუხაშვილმა.