სოზარ სუბარი - საგარეო კურსთან დაკავშირებულ საფრთხეებზე განცხადებები კონკრეტული სისხლის სამართლის საქმის გადაფარვის მცდელობაა

სოზარ სუბარი - საგარეო კურსთან დაკავშირებულ საფრთხეებზე განცხადებები კონკრეტული სისხლის სამართლის საქმის გადაფარვის მცდელობაა

რამდენიმე მინისტრის გადადგომას კრიზისს ვერ დაარქმევ, - ასე გამოეხმაურა დევნილთა მინისტრი, სოზარ სუბარი "კურიერში" ჩართვისას ირაკლი ალასანიას თავდაცვის მინისრობიდან გადაყენებას და მაია ფანჯიკიძის და ალექსი პეტრიაშვილის მიერ მინისტრის პოსტების დატოვებას. 

მისი თქმით, ქვეყნის კურსთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებები, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ იაფფასიანი სპეკულაციები და მეტი არაფერი.

"ძალიან დამწუხრებული ვარ, რომ ჩემი ყოფილი კოლეგები და ამ წლების განმავლობაში თანამებრძოლები ზუსტად იმ თემატიკაზე ალაპარაკდნენ, ზუსტად იმ სიტყვებით ალაპარაკდნენ, რითაც "ნაციონალური მოძრაობა" ლაპარაკობდა წლების განმავლობაში.

ის კურსი, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება ატარებდა ამ ბოლო 2 წლის განმავლობაში და გაატარებს მომავალში, იყო არა ერთი კონკრეტული მინისტრის, მაგალითად სოზარ სუბარის ან ირაკლი ალასანიას კურსი, არამედ ეს იყო იმ კოალიციის, იმ მთავრობის კურსი, რომელსაც ჩვენ წარმოვადგენთ", - განაცხადა სუბარმა.

მანვე ყოფილ კოლეგებს მოუწოდა, ნუ დაემსგავსებიან "ნაციონალური მოძრაობის" კრიმინალურ ხელისუფლებას. 

კითხვაზე, როდესაც თავდაცვის და საგარეო საქმეთა მინისტრი, ასევე ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი გარკვეულ საფრთხეებზე მიანიშნებენ, მათ შეგნებულად შეჰყავთ საზოგადოება შეცდომაში, სუბარმა განაცხადა, რომ ეს განცხადებები არის კონკრეტული სისხლის სამართლის საქმის გადაფარვის მცდელობა. 

"ამ სისხლის სამართლის საქმეზე არაფერი გამიგია, სანამ პროკურატურამ არ გამოაცხადა, მაგრამ მთავრობის სხდომებზე არაერთხელ ყოფილა მსგავს თემებზე გარკვეული მინიშნებები და ზოგჯერ პირდაპირი ლაპარაკიც თავდაცვის უწყებასთან დაკავშირებით და მაშინ არ გამიგია ამ თემებზე პასუხები", -განაცხადა სუბარმა. 

კითხვაზე, რა ინტერესი შეიძლება ჰქონდეთ მინისტრებს გარკვეული კრიმინალური საქმების გადაფარვის, სუბარმა პირდაპირი პასუხი არ გასცა და მხოლოდ ის განაცხადა, რომ "თქვენ თვითონ იფიქრეთ ამაზე". "ძალიან კარგად მიხვდება მაყურებელეი, მე არ ვაპირებ ამ თემაზე კომენტარის გაკეთებას", -დასძინა სუბარმა.