დავით ჯალაღანია საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის პოსტზე რჩება. ჯალაღანიამ, რომელიც კუბაში ვიზიტით იმყოფება, ამის შესახებ "მაესტროს" განუცხადა. მისი თქმით, მას დაუკავშირდა პრემიერ-მინისტრი და სამინისტროში დარჩენა შესთავაზა, რასაც დათანხმდა.
"პრემიერისგან მე მივიღე დავალება, რომ სისტემა ფუნქციონირებდეს და ამოცანები და დავალებები შესრულდეს. მე გადავწყვიტე გავაგრძელო ჩემი საქმიანობა ჩემს ადგილზე დროებით. ამ სიტუაციაში ნამდვილად არ მაქვს უფლება, არ გავითვალისწინო პირველ რიგში ჩვენი სისტემის და ჩვენი საგარეო პოლიტიკის წინაშე მდგარი საჭიროებები, ამოცანები", - განაცხდა ჯალაღანიამ.
დღეს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ განაცხადა, რომ ის თანამდებობას მოადგილეებთან, მათ შორის დავით ჯალაღანიასთან ერთად ტოვებს.