"თავისუფალი დემოკრატების" გაღიზიანება ბიძინა ივანიშვილის კითხვებმა გამოიწვია

ენერგეტიკის მინისტრ კახა კალაძის განცხადებით, "თავისუფალი დემოკრატების" გაღიზიანება პოლიტსაბჭოს დღევანდელ სხდომაზე ბიძინა ივანიშვილის კითხვებმა გამოიწვია. ამის შესახებ კალაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის პირდაპირ ეთერში განაცხადა.

"გულდასაწყვეტია, რომ "თავისუფალმა დემოკრატებმა" დატოვეს კოალიცია. მე ადამიანურად გული დამწყდა, იმიტომ, რომ ორი წლის განმავლობაში ამ ადამიანებთან ერთად ძალიან მძიმე დღეები გამოვიარეთ, რთული იყო წინა ხელისუფლების პირობებში ნორმალური საარჩევნო კამპანია ჩაგეტარებინა. რამ გამოიწვია გაღიზიანება – ეს იყო კონკრეტული კითხვები, რომელიც დასვა ბიძინა ივანიშვილმა. ბატონი ბიძინა მოწვეული იყო ჩვენი ინიციატივით, იმიტომ, რომ ის გახლდათ ამ კოალიციის დამფუძნებელი", - განაცხადა კახა კალაძემ და დასძინა, რომ გაღიზიანება გამოიწვია იმ კითხვებმა, რომელიც ეხებოდა თავდაცვის სამინისტროში მიმდინარე გამოძიებას.

"თავისუფალმა დემოკრატებმა" კოალიცია "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს სხდომა მისი დაწყებისთანავე რამდენიმე წუთში დატოვეს. როგორც ცნობილია, სხდომაზე იმყოფებოდა ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილიც. "ქართული ოცნების" ოფისიდან გამოსულმა ირაკლი ალასანიამ განაცხადა, რომ ის პოლიტსაბჭოს სხდომაზე ბიძინა ივანიშვილთან სასაუბროდ არ მისულა.