ჩვენი ფრაქცია ტოვებს უმრავლესობას, მაგრამ არ უერთდება უმცირესობას, - ამის შესახებ "თავისუფალი დემოკრატების" ერთ-ერთმა ლიდერმა, ირაკლი ჩიქოვანმა "ქრონიკის" პირდაპირ ეთერში განაცხადა.
"ჩვენი ფრაქცია დატოვებს უმრავლესობას, მაგრამ ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ფრაქცია არ უერთდება უმცირესობას, რომელსაც წარმოადგენს "ნაციონალური მოძრაობა" და ეს ჩვენი ზოგადად, გაცხადებული კურსია. ჩვენ გვახსოვს 9 წელიწადი, რა სტანდარტითაც დაამკვიდრა დემოკრატიულობა და ევროპულობა "ნაციონალურმა მოძრაობამ" და აქედან გამომდინარე რეალური განსხვავებები გვაქვს. ეს არის დიდი ნაპრალი, რომელიც ფაქტობრივად, შეუვსებელია. ჩვენ დავტოვებთ უმრავლესობას, მაგრამ ყველა წევრი, რომელიც ფრაქციაში შედის, მზად არის შეასრულოს აბსოლუტურად ყველა ამოცანა და ყველა საქმე, რომელიც მას დაეკისრება იმისთვის, რომ უზრუნველყოს ქვეყნის განვითარება", - განაცხადა ჩიქოვანმა.
მისივე თქმით, ფრაქცია "თავისუფალი დემოკრატების" წევრები პარლამენტში თავიანთ პოსტებზე რჩებიან.