ვისოცკი - კაცი მრუმე ნისლიდან

ვისოცკი - კაცი მრუმე ნისლიდან

ვლადიმერ ვისოცკის შესახებ, საქართველოში ახალმა თაობამ ძალიან ცოტა რამ თუ იცის. თუმცა, დღეს (რა გასაკვირია, რომ სიკვდილის შემდეგ) ეს ადამიანი უკვე მთელს მსოფლიოშია ცნობილი. ვისოცკიმ განსაკუთრებით დიდი პოპულარობა მოიპოვა საკუთარი სიმღერების გიტარაზე შესრულებით. XX საუკუნის 70-იან წლებში მის სიმღერებს ყოფილი სსრკ-ის პრაქტიკულად მთელი მოსახლეობა იცნობდა მიუხედავად იმისა, რომ მისი სიმღერები იმდროინდელ საბჭოთა ოფიციალურ მასობრივ საინფორმაციო საშუალებებში თითქმის არ ისმოდა.

ვისოცკის ეკუთვნის 700-მდე სიმღერა და ლექსი, ითამაშა 30-მდე ფილმში, მონაწილეობდა სპექტაკლებში, კონცერტებით მოიარა თითქმის მთელი ქვეყანა, ხშირად მიდიოდა გასტროლებზე უცხოეთშიც. სასტიკი ცენზურის პირობებში ვისოცკი ეხებოდა აკრძალულ თემებს, მღეროდა ყოველდღიურ საბჭოთა ცხოვრებაზე, სამამულო ომზე. ყოველივე ამან მას უდიდესი პოპულარობა მოუტანა.

ვისოცკი 1938 წლის 25 იანვარს, მოსკოვში, მოსამსახურის ოჯახში დაიბადა. მამა, სემიონ ვლადიმერის ძე ვისოცკი (1916-1997) საკადრო პოლკოვნიკი იყო, დედა, ნინა მაქიმოვნა (ქალიშვილობაში სერიოგინა) (1912-2003) კი - გერმანული ენიდან მთარგმნელი. ადეული ბავშვობა ვლადიმერმა მოსკოვის კომუნალურ საცხოვრებელში გაატარა. დიდი სამამულო ომის დროს ორი წელი ცხოვრობდა დედასთან ერთად ევაკუაციაში ურალის ქალაქ ბუზულუკში. 1943 წელს დაბრუნდა მოსკოვში. 1945 წელს როსტოკინსკის რაიონის 273-ე სკოლის პირველ კლასში შევიდა. 1947-1949 წლებში ცხოვრობდა მამასთან და მის მეორე ცოლთან ერთად გერმანიის ქალაქ ებერსვალდეში, სადაც ისწავლა ფორტეპიანოზე დაკვრა. შემდეგ ისევ მოსკოვში დაბრუნდა.

 მსახიობის კარიერა

1953 წლიდან ვისოცკი დადიოდა დრამატულ წრეზე, რომელსაც ვ. ბოგომოლოვი ხელმძღვანელობდა. 1955 წელს დაამთავრა 186-ე საშუალო სკოლა და ნათესავების დაჟინებული თხოვნით ჩააბარა კუიბიშევის სახელობის მოსკოვის საინჟინრო-სამშენებლო ინსტიტუტში, რომელიც მიატოვა პირველივე სემესტრის ბოლოს. ინსტიტუტის დატოვების გადაწყვეტილება მიღებულ იქნა 1955 წლის 31 დეკემბრის ღამეს. ვისოცკიმ და მისმა სკოლის მეგობარმა, იგორ კოხანოვსკიმ გადაწყვიტეს ახალი წლის ღამე გაეტარებინათ სესიისთვის საჭირო ნახაზებზე მუშაობაში. ღამის ორი საათისთვის ნახაზები უკვე მზად იყო. ამ დროს ვისოცკი ადგა, მაგიდიდან ტუშის ქილა აიღო (მეორე ვერსიის მიხედვით ქილაში მაგარი ყავა ესხა) და თავის ნახაზებს გადაასხა. იმ მომენტში მიიღო გადაწყვეტილება მომავალი წლისთვის მომზადებულიყო და თეატრალურზე ჩაებარებინა. 1956- 1960 წლებში ვისოცკი ვ.ი. ნემიროვიჩ-დანჩენკოს სახელობის სკოლა-სტუდია МХАТ-ის სამსახიობო განყოფილების სტუდენტია. პირველ კურსზე ყოფნისას გაიცნო მომავალში თავისი პირველი ცოლი, იზა ჟუკოვსკი. 1959 წელს პირველი როლი ითამაშა სასწავლო სპექტაკლში "დანაშაული და სასჯელი" და ფილმში "თანატოლები" (სტუდენტი პეტიას ეპიზოდური როლი). 1960 წელს ვისოცკის სახელი პირველად გამოჩნდა ცენტრალურ პრესაში, "საბჭოთა კულტურის" 28 ივნისის ნომერში გამოქვეყნებულ ლ. სერგეევის სტატიაში.

1960-1964 წლებში ვისოცკი მუშაობდა ა.ს პუშკინის სახელობის მოსკოვის დრამატულ თეატრში, სადაც ძირითადად ეპიზოდურ როლებს თამაშობდა.

1961 წელს კინოფილმის, "713 ითხოვს დაშვებას", გადაღების დროს გაიცნო თავისი მეორე ცოლი ლუდმილა აბრამოვა. ამავე წელს გამოჩნდა მისი პირველი სიმღერები. სიმღერა "Татуировка", რომელიც ლენინგრადში დაიწერა, ითვლება მის პირველ ნამუშევრად. შემდგომში სიმღერა მისი მოღვაწეობის მთავარ სფეროდ იქცა. ორ თვეზე ნაკლები იმუშავა მოსკოვის მინიატურის თეატრში. 1964 წელს შექმნა თავისი პირველი სიმღერები კინოფილმებისთვის და მუშაობა დაიწყო მოსკოვის დამისა და კომედიის თეატრში ტაგანკაზე, სადაც სიცოცხლის ბოლომდე დარჩა.

1967 წლის ივლისში გაიცნო ფრანგი მსახიობი მარინა ვლადი, რომელიც მისი მესამე ცოლი გახდა.

1968 წელს გამოვიდა მისი პირველი საავტორო ალბომი "სიმღერები კინოფილმიდან "ვერტიკალი".

1975 წელს ავტორის სიცოცხლეში პირველად და უკანასკნელად გამოქვეყნდა ვისოცკის ლექსი ლიტერატურულ კრებულში (День поэзии 1975. М., 1975).

1970-იან წლებში გაიცნო პარიზში ბოშა მსახიობი და მუსიკოსი ალიოშა დმიტრიევიჩი, რომელთან ერთადაც შემდგომში ხშირად მღეროდა. მათ ერთობლივი ალბომის ჩაწერაც კი ჰქონდათ გადაწყვეტილი, მაგრამ 1980 წელს ვისოცკის გარდაცვალების გამო ამ პროექტის განხორციელება ვერ მოხერხდა.

თეატრის დასთან ერთად გასტროლებით ნამყოფია ბულგარეთში, უნგრეთში, იუგოსლავიაში, საფრანგეთში, გერმანიასა და პოლონეთში.

ჩაწერილი აქვს 10-მდე რადიოსპექტაკლი, ჩატარებული აქვს 1000-ზე მეტი კონცერტი როგორც სსრკ-ში ასევე საზღვარგარეთ.

უკანასკნელი დღეები და გარდაცვალება
 
1980 წლის 16 ივლისს კალინინგრადში შედგა ვლადიმერ ვისოცკის უკანასკნელი კონცერტი. ამავე წლის 18 ივლისს ვისოცკიმ უკანასკნელად ითამაშა თავისი ყველაზე ცნობილი თეატრალური როლი - ჰამლეტი, შექსპირის ამავე სახელწოდების პიესის მიხევით დადგმულ სპექტაკლში.

1980 წლის 25 ივლისს, დილის 4:10 საათზე ვისოცკი ძილში გარდაიცვალა მოსკოვში, თავის ბინაში. ანატოლი ფედოტოვის ვერსიით სიკვდილის მიზეზი მიოკარდიუმის ინფარქტი იყო. სტანისლავ შერბაკოვისა და ლეონიდ სულპოვარის ვერსიით კი სიკვდილი დამამშვიდებელი საშუალებების გადაჭარბებული დოზით გამოწვეული ასფიქსიის მიზეზით დადგა. ამ ვერსიების მიუხედავად ვისოცკის სიკვდილის ნამდვილი მიზეზი დღემდე უცნობია.

ვისოცკი დაკრძალულ იქნა 1980 წლის 28 ივლისს ვაგანკოვსკის სასაფლაოზე. იმ პერიოდში მოსკოვში ზაფხულის ოლიმპიადა მიმდინარეობდა, ქალაქი გადაკეტილი იყო და მილიცია იცავდა. ვლადიმერ ვისოცკის გარდაცვალების შესახებ ცნობა საბჭოთა საინფორმაციო საშუალებებში თითქმის არ გაცხადებულა, მიუხედავად ამისა ტაგანკის თეატრთან, სადაც იგი მუშაობდა, უმარავი ხალხი შეიკრიბა და რამდენიმე დღის განმავლობაში არ დაშლილა.


ვლადიმერ ვისოცკის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ლექსის საინტერესო ქართული თარგმანი:

დგას კვამლი, სარკეში ბინდია მრუმე...
 
ვლადიმირ ვისოცკი

დგას კვამლი, სარკეში ბინდია მრუმე,
სახეებს პირისპირ ვერ არჩევს თვალიც,
და უკვე დაღლილან წყვილები ბრუნვით, -
ბოლომდე ვიმღერებ მაინც!

ჟღერდა ეს ნოტები დიდი ხნის
წინათ,
ჩანავლდა, გამქრალდა ბოკალში
ღვინო,
საუბრის ხალისი გამქრალა
ისევ, -
ჯობია, დავცალო ბოკალი
მყისვე...

არ მოჩანს მზის სხივიც, გავიდა წელი,
ყინულმა შებოჭა სულები, მგონი, -
ვატყობ, რომ ყინულსვალას ამაოდ ველი,
და ამ სიცივეში ვერ თბება გონიც.

ჟღერდა ეს ნოტები დიდი ხნის
წინათ,
ჩანავლდა, გამქრალდა ბოკალში
ღვინო,
საუბრის ხალისი გამქრალა
ისევ, -
ჯობია, დავცალო ბოკალი
მყისვე...

ორკესტრი დაღლილი, აბნევით უკრავს,
რკალს ვეღარ გავარღვევ – არსად ჩანს კარიც...
ნუ ღელავთ! ღიმილით მივდივარ უკვე, -
ბოლომდე ვიმღერებ მაინც!

ჟღერდა ეს ნოტები დიდი ხნის
წინათ,
ჩანავლდა, გამქრალდა ბოკალში
ღვინო,
სარკე კი ციაგებს გულცივად
ისე, -
ჯობია, დავამსხვრევ ამ ბოკალს
მყისვე...

თარგმანი რუსულიდან - ვასილ გულეური