პარლამენტმა რეპრესირებულთა შესახებ კანონში ცვლილებები მესამე მოსმენით მიიღო

პარლამენტმა რეპრესირებულთა შესახებ კანონში ცვლილებები მესამე მოსმენით მიიღო

საქართველოს პარლამენტმა "მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების პაკეტი მესამე მოსმენით მიიღო.

იუსტიციის სამინისტროში შემუშავებული ცვლილებებით, საქართველოს სახელმწიფო იღებს ვალდებულებას, პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლთათვის გასცეს არა დამამცირებელი, არამედ ღირსეული ოდენობის ფულადი კომპენსაცია.

კანონში შეტანილი ცვლილებების მიხედვით, დგინდება რეპრესირებულთათვის გასაცემი კომპენსაციის მინიმალური და მაქსიმალური ზღვარი. ასევე, კანონში შეტანილი ცვლილების თანახმად, რეპრესირებულებს შესაძლებლობა ექნებათ, თბილისის გარდა სარჩელით ქუთაისის საქალაქო სასამართლოსაც მიმართონ.

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ მომზადებული ცვლილებებით, რეპრესირებულთათვის გასაცემი კომპენსაცია არ შეიძლება იყოს 1000 ლარზე ნაკლები და 2000 ლარზე მეტი. რეპრესირებულთათვის გასაცემი თანხის კონკრეტულ ოდენობას მოსამართლე სხვადასხვა ობიექტური ფაქტორის გათვალისწინებით განსაზღვრავს. აქამდე რეპრესირებულებზე გასაცემი თანხის ოდენობას სასამართლო წყვეტდა და, დამკვიდრებული პრაქტიკით, კომპენსაციის ოდენობა 200-დან 500 ლარამდე მერყეობდა. გასაცემი თანხის ოდენობას ახლაც სასამართლო გადაწყვეტს, თუმცა, მოსამართლეს მოუწევს, უკვე დადგენილი თანხის ფარგლებში (1000-დან 2000 ლარამდე) განსაზღვროს კომპენსაციის ოდენობა.

კიდევ ერთი ცვლილება, რომელსაც კანონი ითვალისწინებს, არის ის, რომ რეპრესირებულებს შესაძლებლობა ექნებათ, თბილისის საქალაქო სასამართლოს გარდა, ქუთაისის სასამართლოსაც მიმართონ. აქამდე მოქმედი ნორმით, პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლთა სარჩელებს მხოლოდ თბილისის საქალაქო სასამართლო განიხილავდა, რაც დასავლეთ საქართველოს რაიონებში მცხოვრებთ დამატებით სირთულეებს უქმნიდა.

რეპრესირებულთა შესახებ კანონში ცვლილებების დამტკიცების პარალელურად, ცვლილება იქნა შეტანილი კანონის თანამდევ კანონში − "საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსშიც".

ფულადი კომპენსაციის მიღების შესახებ სარჩელი თბილისის ან ქუთაისის სასამართლოს უნდა წარუდგინოს უშუალოდ რეპრესირებულმა პირმა, რეპრესირებული პირის პირველი რიგის მემკვიდრემ ან მათმა წარმომადგენელმა. სარჩელის წარდგენა უნდა მოხდეს 2018 წლის 1 იანვრამდე. აღსანიშნავია, რომ ამ ტიპის სარჩელი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟისგან.

გარდა ამისა, პირს, რომელმაც უკვე მიიღო კომპენსაცია და ეს თანხა ახალი ცვლილებებით დადგენილ მინიმუმზე ნაკლებია, შეუძლია, სასამართლოს ხელახლა მიმართოს.

კანონი საქართველოს იმ მოქალაქეებზე ვრცელდება, რომლებმაც პოლიტიკური რეპრესია განიცადეს ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე 1921 წლის თებერვლიდან 1990 წლის 28 ოქტომბრამდე და შემდგომ − დამოუკიდებელი საქართველოს ტერიტორიაზე. ეს კანონი არ ვრცელდება 1921 წლის 25 თებერვლიდან 1990 წლის 28 ოქტომბრამდე პერიოდში დეპორტირებულ ეთნიკურ ჯგუფებს მიკუთვნებულ პირებზე, რომელთა რეაბილიტაციის წესი ცალკე განისაზღვრება.

მიღებული ცვლილებები 2015 წლის იანვრიდან ამოქმედდება.