პრემიერი პრეზიდენტზე - მე ასე არ მოვიქცეოდი, ჩვენ განსხვავებული მიდგომები გვაქვს

პრემიერი პრეზიდენტზე - მე ასე არ მოვიქცეოდი, ჩვენ განსხვავებული მიდგომები გვაქვს

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ფარულ მოსმენებთან დაკავშირებულ საკითხზე, პრეზიდენტის ადგილას ის სხვა მიდგომით იმოქმედებდა და ვეტოს დადების უფლებას არ გამოიყენებდა. 

ირაკლი ღარიბაშვილის აზრით, შეიძლებოდა ვადის 1-ელ დეკემბრამდე გადაწევის ინიციატივის პარლამენტისთვის კონსულტაციის რეჟიმში შეთავაზება და პირადად ის ასე მოიქცეოდა. 

"როდესაც საუბარია მსგავსი ტიპის ფორმატებზე (უშიშროების საბჭოს სხდომა) ყოველთვის მზად ვარ მასში მონაწილეობა მივიღო. ასევე მზად უნდა იყოს პრეზიდენტი მარგველაშვილი კონსულტაციებს გადიოდეს მთავრობასთან, პარლამენტთან. მაგალითად, ის რაც იყო დღეს – მე ასე არ მოვიქცეოდი. ძალიან მარტივი იყო პარლამენტისთვის შეთავაზება, რომ ხომ არ ჯობია ვადის დეკემბრამდე გადაწევა.

დარწმუნებული ვარ, პარლამენტი ამას გაიზიარებდა და თუ არ გაიზიარებდა, მაშინ დაუსაბუთებდა. პრეზიდენტს ჰქონდა პირდაპირი წვდომა და კომუნიკაცია პარლამენტის წარმომადგენლობასთან – ვგულისხმობ სამუშაო ჯგუფის წარმომადგენლებს, რომლებიც ჩართულნი არიან მოსმენებთან დაკავშირებული პროექტის შემუშავებაში. ამ თემაზე მას არც ჩვენთან ჰქონია კონსულტაცია. აქ მიდგომებზეა საუბარი – ჩვენ განსხვავებული მიდგომები გვაქვს. მე შეიძლება სხვანაირად მოვქცეულიყავი, მაგრამ ეს მისი გადასაწყვეტია – მე არ ვერევი და არც ჩავერევი არასდროს", - განაცხადა ღარიბაშვილმა ტელეკომპანია "იმედის" გადაცემა "რეაქციაში".