უკრაინის არჩევნებში ლიდერობას იაცენიუკის პარტია ინარჩუნებს

უკრაინის არჩევნებში ლიდერობას იაცენიუკის პარტია ინარჩუნებს

უკრაინის ცენტრალური საარჩევნო კომისიის განცხადებით, ამ დროისთვის დათვლილია ბიულეტენების 55,28%. არსებული ინფორმაციით, ხუთპროცენტიანი ბარიერი ექვსმა პოლიტიკურმა პარტიამ გადალახა. უკრაინის ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, ქვეყნის პრემიერ-მინისტრის არსენი იაცენიუკის პარტია "სახალხო ფრონტი" ხმების 21,6%-ით ლიდერობს, მას მცირედით ჩამორჩება პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს ბლოკი - 21,45%, რომელსაც მოჰყვება გაერთიანება "სამოპომიჩი" - 11,2%, "ოპოზიციური ბლოკი" - 9,79%, "რადიკალური პარტია" - 7,34%, იულია ტიმოშენკოს პარტია "ბატკივშჩინა" - 5,65%.

უკრაინაში ჩატარებული რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების საბოლოო შედეგებს უკრაინის ცენტრალური საარჩევნო კომისია 10 ნოემბერს გამოაცხადებს. უკრაინაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები გუშინ გაიმართა.